ირაკლი ქადაგიშვილი - შიში გაუჩნდათ, რომ შეიძლება, ხაბეიშვილმა არჩევნები წააგოს, ალბათ ამ ვითარების შესაცვლელად არის გავრცელებული ჩანაწერი
ვის ინტერესებში შედიოდა, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა არჩევნები წამოიწყეს და ოთხი კანდიდატი ჰყავთ? ალბათ ჯერ ამაზე უნდა გასცენ პასუხი. როგორც პარტიის მომხრეები ამბობენ, ეს არ შედიოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებში, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ქადაგიშვილის თქმით, გავრცელებული ფარული ჩანაწერით ირკვევა, რომ კეზერაშვილი-მერაბიშვილის მხარეს არ ჰყოფნის პარტიის მხარდაჭერა და ეს ჩანაწერი რიგით წევრებში ნიკა მელიას დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს.
„ის, რომ ხელისუფლებას სჭირდება პარტიაში რამენაირად ჩარევა, ამის ლოგიკა მაინც ხომ უნდა არსებობდეს? ფაქტობრივად, პარტიის შიგნით მხარეები სამკვდრო-სასიცოცხლოდ არიან დაპირისპირებულები და ეს ფაქტი ზედაპირზე დევს. ჩანაწერში მელია ამბობს, რომ სააკაშვილის მოწოდება არ არის ჯანსაღი და ათიდან ერთს ვამბობ, აბსურდულ მოთხოვნებს აყენებსო. თუ შიდა ბრძოლის დროს ვინმეს ვინმეს დისკრედიტაცია უნდა და სააკაშვილზე ასეთი ცუდის მთქმელის იმიჯი შესძინოს, ამ ჩანაწერის გავრცელება მის ინტერესებშია. რა თქმა უნდა, ეს ფრთა იმან შეაშფოთა, რომ პარტიის რიგით ამომრჩეველში ვერ პოულობენ ხაბეიშვილის დიდ დასაყრდენს, განსაკუთრებით, სამეგრელოში ვიზიტების შემდეგ შიში გაუჩნდათ, რომ შეიძლება, ხაბეიშვილმა არჩევნები წააგოს. ალბათ ამ ვითარების შესაცვლელად არის გავრცელებული ჩანაწერი“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.