ირაკლი ქადაგიშვილი არ გამორიცხავს, რომ პარლამენტის რომელიღაც წევრმა მთავრობის შემადგენლობაში გადაინაცვლოს
ალბათ რა თქმა უნდა, ძირითადი ხაზი, რომელიც ხელისუფლებისა და აღმასრულებელი ხელისუფლების, მთავრობის პროგრამაში იყო, სვლა იქითკენ, რომ ჩვენ 2024 წლისთვის ვიყოთ ევროკავშირისათვის განაცხადის შემტანი ქვეყანა, ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, შენარჩუნებული იქნება, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, შესაძლებელია, ვინმემ საპარლამენტო შემადგენლობიდან სამთავრობო შემადგენლობაში გადაინაცვლოს.
„იქნება გარკვეული სიახლეები, ბუნებრივია, ახალი ადამიანია, ახალი ხედვები ექნება, მისი მხრიდან განსხვავებული თემების შემოტანასაც შეიძლება ჰქონდეს ადგილი და ამ ყველაფერს, მათ შორის მთავრობის პერსონალურ შემადგენლობაზე, პრემიერ-მინისტრი თვითონ მოგახსენებთ. გარკვეული სიახლეები იქნება, მათ შორის პერსონალის მიმართაც, მაგრამ ჩემგან ამაზე მარჩიელობა აბსოლუტურად არარელევანტურია. სავსებით შესაძლებელია, ვინმემ საპარლამენტო შემადგენლობიდან სამთავრობო შემადგენლობაში გადაინაცვლოს, ასეთ დროს, როგორც იცით, ჩანაცვლება ხდება ხოლმე სიით“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.