ირაკლი ქადაგიშვილი - შედეგობრივად თუ ვიმსჯელებთ, სააკაშვილის პოლიტიკა ყოველთვის მოსკოვის სასარგებლოა
საბჭოთა კავშირის დიპლომატებისა და საგარეო ფრონტზე მომუშავე ადამიანების სამჭედლო ორ ქალაქში, კიევსა და მოსკოვში იყო განთავსებული, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის ყოფილი თავმჯდომარის განცხადებაში რაიმე განსაკუთრებული სიახლე არ არის.
„მე ერთი რამით ვაფასებ ყველა პოლიტიკოსის საქმიანობას, შედეგი როგორი დგება. შედეგი თუ დგება ქვეყნისთვის სასარგებლო, ეს მთავარია. სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში შედეგი ყოველთვის დგება საქართველოს საწინააღმდეგოდ, ანუ მისი აქტიურობით, საბოლოო ჯამში, შედეგად ვიღებთ იმას, რაც მოსკოვის ინტერესებშია. აქედან გამომდინარე, მე მისი „კაგებეში“ შევსებული პირადი მეტრიკა არ მინახავს, მაგრამ შედეგობრივად თუ ვიმსჯელებთ, ყოველთვის მოსკოვის სასარგებლოა“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკოლაი მალომუჟმა განაცხადა, რომ „სააკაშვილი და პოროშენკო განიხილებოდნენ დაზვერვის მომავალ თანამშრომლებად, მათთან მუშაობდნენ უკრაინული სპეცსამსახურები, რომლებიც შედიოდა კგბ-ში“.