ირაკლი ქადაგიშვილი - საქართველოში დადგა მომენტი, როცა შეიძლება გითხრან, რომ გარკვეული თემების განხილვა აკრძალულია, მაგალითად, ისეთის, როგორიც გამჭვირვალობის საკითხია
ჩვენთან ნებისმიერი საკითხის სტიგმატიზაცია ხდება, არავის აინტერესებს დისკუსია, ყველაფერი სასწრაფოდ სტიგმატიზებული უნდა იყოს, თუ ვინმეს რაიმე პოლიტიკური ინტერესი გააჩნია, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
ქადაგიშვილის თქმით, გამჭვირვალობა არის დემოკრატიის, ევროკავშირისა და საქართველოს წინაშე დასმული ნომერ პირველი ამოცანა.
„როდესაც ყველა ინსტიტუცია ვალდებულია, ყოველ წელს ნაბიჯები გადადგმას, რატომ არ შეიძლება, გამჭვირვალობა ყველგან იყოს, მათ შორის იმ სამოქალაქო სექტორისთვის, რომელთა საქმიანობა ყველაზე მეტად გამჭვირვალეობას გულისხმობს და რომელთა რეკომენდაცია მთავრობის მიმართ მეტ გამჭვირვალეობას გულისხმობს? გვიპასუხონ, რომელი ევროპული სახელმწიფოა, სადაც სამოქალაქო სექტორის საქმიანობა გამჭვირვალეობას არ ექვემდებარება? რაშია პრობლემა – გამჭვირვალეობა არ უნდა იყოს? ამ კანონის მიზანი არ არის ვიღაცის სტიგმატიზაცია, მიზანია – გამჭვირვალობა. პრეზიდენტი პოლიტიკურ კონტექსტში არ უნდა ერეოდეს და ერევა. არადა, კანონპროექტის განხილვა არ ყოფილა. საქართველოში დადგა მომენტი, როცა შეიძლება გითხრან, რომ გარკვეული თემების განხილვა აკრძალულია, მაგალითად, ისეთის, როგორიც გამჭვირვალობის საკითხია. მგონი, ეს დემოკრატიაში არ ჯდება, ეს არის ინტერესების ლობირება და არა დემოკრატია. ალბათ პრეზიდენტს უნდა ვკითხოთ, ვის ინტერესებს ლობირებს, როცა გამჭირვალობაზე შეიძლება, განხილვაც კი წინასწარ ვეტოდადებული იყოს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.