ირაკლი ქადაგიშვილი - ფსიქოზის რიტორიკას ნუ შევქმნით, საქართველოს ხელისუფლება და აშშ არიან მოკავშირეები, წერტილი
ირაკლი ქადაგიშვილი - ფსიქოზის რიტორიკას ნუ შევქმნით, საქართველოს ხელისუფლება და აშშ არიან მოკავშირეები, წერტილი

ყველა მცდელობა, რაც არის საქართველოს წინააღმდეგ – ევროპარლამენტის უსამართლო რეზოლუციით დაწყებული და სტატუსის არ მიცემით დამთავრებული, ეს საზოგადოებაში გარკვეულ კითხვებს ბადებს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოსთვის ამერიკა არის სტრატეგიული პარტნიორი, ევროკავშირისკენ მიმავალი გზა არის სტრატეგიული არჩევანი და ამ გზაზე საქართველოს ხელისუფლება მხოლოდ იმას მოითხოვს, რომ დამოკიდებულება, ურთიერთობა იყოს ღია.

ამასთან, როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა, განცხადება, რომ საქართველოს ოფიციალური პირები და მათი რიტორიკა ხელს უწყობენ ევროკავშირისკენ მიმავალი გზისკენ აცდენას, რეალობას არ შეესაბამება.

არც ერთ ოფიციალურ პირს არ გაუკეთებია რაიმე განცხადება კელი დეგნანთან დაკავშირებით, რაც ფაქტობრივი მოცემულობაა. ალბათ ის ბუნდოვანება, რაც ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოს, ამერიკასა და ევროკავშირს შორის ჩამოყალიბდა, ამ ბუნდოვანებას ნათელი უნდა მოეფინოს იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს არც საშინაო და არც საგარეო პოლიტიკური კურსი არ შეუცვლია. ყველა მცდელობა, რაც არის საქართველოს წინააღმდეგ – ევროპარლამენტის უსამართლო რეზოლუციით დაწყებული და სტატუსის არ მიცემით დამთავრებული, ეს საზოგადოებაში გარკვეულ კითხვებს ბადებს. ყველანაირი რეფორმით, თვალსაზრისით ჩვენზე უკან მყოფ ქვეყნებს თურმე კანდიდატის სტატუსის ეკუთვნით და საქართველოს ბოლო ორი-სამი თვის გამო არ ეკუთვნის, ეს საზოგადოებაში გარკვეულ კითხვებს ბადებს, მათ შორის პოლიტიკურ სპექტრში. გასაგებია, რომ ამერიკა მის ელჩს ნდობას უცხადებს და საქართველოს ხელისუფლება ამ ელჩთან თანამშრომლობს. რა თქმა უნდა, საქართველოსთვის ამერიკა არის სტრატეგიული პარტნიორი, ევროკავშირისკენ მიმავალი გზა არის სტრატეგიული არჩევანი და ამ გზაზე საქართველოს ხელისუფლება ერთადერთს მოითხოვს – დამოკიდებულება და ურთიერთობა იყოს ღია, პირდაპირი კომუნიკაცია და ყველაზე საკითხზე იყოს გახსნილი თანამშრომლობა.

მედიას მოგიწოდებდით, გავარკვიოთ, საქართველოს ოფიციალური პირები ვინ არიან. არსებობს ოფიციალური პირის განმარტება. ნედ პრაისი არის ოფიციალური პირი, მაგრამ ამერიკის რომელიღაცა შტატის კონგრესმენი ოფიციალური პირი არ არის, სახელმწიფო მდივანი ოფიციალური პირია. აქ არის გარკვეული განსხვავებები. აქედან გამომდინარე, მაჩვენეთ, საქართველოს ერთი ოფიციალური პირი, ვინც იმ რიტორიკას ახორციელებს, რაც ნიშნავს, რომ საქართველომ უნდა გადაუხვიოს ევროკავშირის მიმავალი გზიდან. ამიტომ ვამბობ, რომ ამ ბუნდოვანებას წერტილი უნდა დაესვას და საკითხებზე ღია საუბარი იყოს. საქართველო რატომ არ არის კანდიდატობის ღირსი და რატომ არის ის რეზოლუცია, რომელიც არარელევანტურია? ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოსთან დაკავშირებით არ არის ჯანსაღი ვითარება შექმნილი, რაც ფაქტი და მოცემულობაა. ხშირად ეს ვითარება დაუსაბუთებელია. აქედან გამომდინარე ვითხოვთ, რომ ვითარება განიმუხტოს და ღია საუბარი იყოს.

ელჩთან დაკავშირებით მოსამართლემ გააკეთა განცხადება, ასევე დეპუტატებმა. ირაკლი კობახიძის განცხადება იყო, რომ კარგი იქნებოდა, თუ ელჩი ახსნა-განმარტებას გააკეთებს მოსამართლის განცხადებაზე. ეს იმ მიზნით იყო ნათქვამი, რომ ვითარებას ნათელი მოეფინოს, არ დაზიანდეს საქართველოსა და ამერიკას შორის სტრატეგიული ურთიერთობა. განცხადება, რომ საქართველოს ოფიციალური პირები და მათი რიტორიკა ხელს უწყობენ ევროკავშირისკენ მიმავალი გზისკენ აცდენას, რეალობას არ შეესაბამება. ასეთი განცხადებები და ისეთი რეზოლუციები პირიქით მოქმედებს ამ გზაზე და ურთიერთობაზე. ამდენი ხანია, პარლამენტი მუშაობს 12 პუნქტის შესრულებაზე, რადიკალური ოპოზიცია უარს აცხადებს მუშაობაზე და ხომ შეიძლება, ერთი მკაფიო მესიჯი იყოს და არ იყოს ორჭოფული მესიჯები, რომ ქვეყანა მუდამ ამ გზაზე გადიოდეს. დეპოლარიზაციაზე ვლაპარაკობთ და სულ ისეთი ნაბიჯებია, რომლებიც პოლიტიკური ვითარების გამწვავებას უწყობს ხელს. ერთი მკაფიო განცხადებაა საჭირო – დავანებოთ თავი რევოლუციური სცენარების განვითარებას, დასხედით და ილაპარაკეთ. ფსიქოზის რიტორიკას ნუ შევქმნით, საქართველოს ხელისუფლება და ამერიკა არიან მოკავშირეები, წერტილი. ჩვენი შიდა პოლიტიკური საკითხები ხშირ შემთხვევაში, არის არასწორად ინტერპრეტირებული და დაბრუნებული საქართველოს მიმართ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.