ირაკლი ქადაგიშვილი - საქართველო თავისი გზით მიდის, მაგრამ სამწუხაროდ, არიან ქართველი ორჯონიკიძეები, რომლებიც ყველაფერს გააკეთებენ, რომ ქვეყანას ამ გზაზე ხელი შეუშალონ
ირაკლი ქადაგიშვილი - საქართველო თავისი გზით მიდის, მაგრამ სამწუხაროდ, არიან ქართველი ორჯონიკიძეები, რომლებიც ყველაფერს გააკეთებენ, რომ ქვეყანას ამ გზაზე ხელი შეუშალონ

საქართველო თავისი გზით მიდის, მაგრამ სამწუხაროდ, არიან ქართველი ორჯონიკიძეები, რომლებიც ყველაფერს გააკეთებენ, რომ ქვეყანას ამ გზაზე ხელი შეუშალონ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა გიორგი ვაშაძის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

ამასთან, მისივე თქმით, გიორგი ვაშაძე, ელენე ხოშტარია და ზურაბ ჯაფარიძე საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ.

„ეს დაუცხრომელი სამეული, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს საქართველოს ინტერესები დააზიანოს, ტყუილ-მართლის არევით ცდილობს, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს. 12 რეკომენდაციის შესრულებაში ამ სამეულმა არანაირი წვლილი არ შეიტანა, გარდა პროცესის დაზიანებისა. ხოშტარიამ და ჯაფარიძემ პარლამენტი საერთოდ დატოვეს იმ მიზნით, რომ საბოტაჟი ბოლომდე გაეგრძელებინათ პარლამენტარიზმისთვის და დემოკრატიისთვის. აქედან გამომდინარე, მათ განცხადებებს მორალური საფუძველი არ აქვს. მათი მიზანია, საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ მაქსიმალური საბოტაჟი ყველგან და ყველაფერში. არის კიდევ მეორე ტყუილი – ყველამ ვიცით, რომ ევროკავშირმა ოფიციალური განაცხადი გააკეთა იმის თაობაზე, რომ შეფასება და კანდიდატის სტატუსზე მსჯელობა მოხდებოდა არა დეკემბერში, არამედ 2023 წლის შემოდგომაზე. აქედან გამომდინარე, ამ პროცესის ლოგიკური დასასრული უნდა იყოს 2023 წლის შემოდგომაზე. რაც შეეხება დამაზიანებელ რეზოლუციას, რომელსაც ასე გულმოდგინედ აგროვებენ, თუ ისევ იმ პრაქტიკას მიჰყოფენ ხელს, რომ რეზოლუციაში ჩუმად უნდა შეაცურონ ჩანაწერი, ამის ოსტატები არიან და ამაში დაოსტატებული თანამზრახველი გამოძებნილი ჰყავთ ევროკავშირშიც. საქართველო თავისი გზით მიდის, მაგრამ სამწუხაროდ, არიან ქართველი ორჯონიკიძეები, რომლებიც ყველაფერს გააკეთებენ, რომ საქართველოს ამ გზაზე სიარულს ხელი შეუშალონ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.