ირაკლი ქადაგიშვილი - საქართველო მხოლოდ იმ წესებით ითამაშებს, რომლებიც საქართველოსა და ცივილიზებული სამყაროსთვის არის მისაღები, ვწუხვარ, რომ კუბილიუსი თავს უფლებას აძლევს, ქვეყანას უხეშად ესაუბროს
ირაკლი ქადაგიშვილი - საქართველო მხოლოდ იმ წესებით ითამაშებს, რომლებიც საქართველოსა და ცივილიზებული სამყაროსთვის არის მისაღები, ვწუხვარ, რომ კუბილიუსი თავს უფლებას აძლევს, ქვეყანას უხეშად ესაუბროს

ვწუხვარ, რომ კუბილიუსი თავს უფლებას აძლევს, ქვეყანას ასეთი უხეში ფორმით ესაუბროს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილმა კომენტარი გააკეთა ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებაზე, სადაც კუბილიუსმა აღნიშნა: „ჩვენ მკაფიო გზავნილი გვაქვს „ქართული ოცნებისთვის“, ვერ მიიღებთ სტატუსს, თუ არ ითამაშებთ ჩვენი წესებით“.

ქადაგიშვილის თქმით, საქართველო ითამაშებს იმ წესებით, რაც საქართველოსთვის და ცივილიზებული სამყაროსთვის იქნება მისაღები.

„საქართველო მხოლოდ და მხოლოდ იმ წესებით ითამაშებს, რა წესებიც მისაღებია საქართველოსთვის, მისაღებია ცივილიზებული სამყაროსთვის და რა ტრადიციაც არსებობს, მათ შორის ევროკავშირში. საქართველო არ ითამაშებს იმ თამაშის წესებით, რომელიც დამყარებულია შანტაჟზე, ინფორმაციის უხეშად დამახინჯებაზე, ქვეყნის სწრაფვასა და მერკანტილური პოლიტიკური ინტერესების ასეთ უხეშ შეჯვარებაზე. აქედან გამომდინარე, ეს განცხადება მისი, როგორც პოლიტიკოსის, ძალიან მძიმე და ცუდი განცხადებაა.

საქართველო როგორც ისწრაფოდა ცივილიზებული თამაშის წესებისა და ცივილიზაციისკენ, ისე გააგრძელებს სვლას, მიუხედავად იმისა, რა განცხადებებს გააკეთებენ ეპიზოდურად ხან კუბილიუსები, ხან მარია ზახაროვები. სააკაშვილის ფაქტორი სპეკულაციის საგანი გახდა იქიდან გამომდინარე, რომ სააკაშვილის შემოპარვით გარკვეულ ძალებს გარკვეული მიზნები ჰქონდათ. ეს მიზნები კანონიერი სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში მოყვანით ვერ შესრულდა და გეგმა „ბ“-ს განხორციელება დაიწყეს – სააკაშვილის გათავისუფლება მოახერხონ ისეთი მოტივით, რაც შეიძლება, უფრო დამანგრეველი და მძიმე იყოს საქართველოსთვის.

ჯერ დაიწყეს, რომ სააკაშვილი მოწამლეს, აწამეს და არ მკურნალობენ. ცივილიზებულ სამყაროში, არ შეიძლება, სახელმწიფოს ამაზე უფრო მძიმე ბრალდება წაუყენო. ამ დროს ვითარება კარდინალურად განსხვავებულია. აქედან გამომდინარე, როდესაც შანტაჟის ენა გამოყენებულია ევროკავშირში ყოფნა-არყოფნის საკითხთან დაკავშირებით, თავიდანვე ვალდებული ვართ, ეს ჩვენ შორის ურთიერთობაში აღმოვფხვრათ. არ შეიძლება, ასეთი ტიპის პოლიტიკური შანტაჟი იყოს. ამას ერთხელ თუ შევეგუებით, უკვე ცუდი პრაქტიკა გახდება და დამკვიდრდება, რაც მიუღებელია საზოგადოებისთვის, ქვეყნისა და ფასეულობათა სისტემისთვის. ევროკავშირი მნიშვნელოვანია მთელი რიგი ფასეულობათა სისტემის გამო და არა იმიტომ, რომ ვიღაცას შეუძლია, ფასეულობათა სისტემა შანტაჟის ენად აქციოს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.