ირაკლი ქადაგიშვილი - სამეული და რადიკალური ოპოზიცია ყველაფერს აკეთებენ, რომ ყველა კარზე დააბეზღონ საქართველო, რათა არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი
ყველაფერს აკეთებენ, რომ ყველა კარზე დააბეზღონ საქართველო, რათა არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა, „დროას“, „სტრატეგია-აღმაშენებლის“ და „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერების საზოგადოებასთან დღეს გამართული შეხვედრის შეფასებისას განაცხადა.
ქადაგიშვილის თქმით, რადიკალური ოპოზიციისა და ე.წ სამეულის მიზანია, ხალხში უკმაყოფილება გამოიწვიონ და ხელისუფლების სათავეში მოვიდნენ.
ამასთან, როგორც ქადაგიშვილი აღნიშნავს, მმართველ გუნდი რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობს და ყველა ძირითადი კანონპროექტი უკვე მიღებულია.
„ჩვენ ფაქტობრივად, უკვე მეექვსე თვე სრულდება, რაც რეკომენდაციების შესრულებაზე ვმუშაობთ და გარკვეული დედლაინი აღებული იქნება ამ საშემოდგომო სესიის ბოლოს, დეკემბრისთვის. 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით ყველა ძირითადი კანონპროექტი უკვე მიღებულია და ვინც აკვირდება ამ პროცესს ხედავს, რომ პარლმანეტი საკმაოდ ნაყოფიერად მუშაობს. ყველა გრაფიკი და შინაარსობრივი მხარეც ამ მიმართულებით იქნება შესრულებული. მთელი ამ ხნის განმავლობაში რადიკალური ოპოზიცია იყო მხოლოდ დესტრუქციით დაკავებული და მათი მთავარი მიზანი იყო, რამენაირად ამ ხელისუფლების პირობებში, ამ რეკომენდაციების შესრულება არ მომხდარიყო.
ამ სამეულის მიზნებიც შეიძლება ორ ნაწილად გავყოთ. ერთი პრაქტიკული მიზანი გახლავთ, რომ მაქსიმალურად ხელი შეუშალონ საქართველოს წინსვლას ამ მიმართულებით. სხვა არანაირი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ არ აქვთ, რადგან ამ ადამიანებს ერთი დღე არ უმუშავიათ პარლამენტში, ერთი რაიმე სასიკეთო სიტყვა არ შეუწევიათ რომელიმე კანონის შემუშავებაში. თავიდანვე ბოიკოტში გავიდნენ ამ პროცესისგან, სადაც ხელი მიუწვდებოდათ აზიანებდნენ პროცესს. მეორე მხარე არის შიდა ოპოზიციური, რადიკალური ოპოზიციის შიგნით ატეხილი ორომტრიალი, მათ ფაქტობრივად, დაკარგული აქვთ კავშირი ამომრჩეველთან, პოლიტიკური ბრჭყალებში, მიზნები არანაირ შესაბამისობაში არ მოდის, არც ეროვნულ ინტერესებთან და არც ჩვეულებრივი მოქალაქის ინტერესებთან. ძირითადად, დაკავებული არიან, ვინ შეიხვედრებს დაშლის პროცესში მყოფი, დასუსტებული „ნაციონალური მოძრაობის“ მემკვიდრეობას, განსაკუთრებით ოლიგარქიული დაფინანსების წყაროებს, რომელთაც „ნაცმოძრაობა“ და მისი პროპაგანდისტული მანქანა იკვებებოდა, ვის შეხვდება და ვის დააფინანსებს კეზერაშვილი. აქედან გამომდინარე არის ატეხილი ყველა ეს მძიმე და დაუნდობელი ბრძოლა ოპოზიციის ბანაკში, თავი რომ უკეთესად წარმოაჩინონ, უფრო დიდ პატრიოტებად და დიდ ევროპელებად. მაქსიმალურად აკეთებენ ყველაფერს, რომ ყველა კარზე დააბეზღონ საქართველო, რათა არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. მათი აზრი ასეთია, რომ იქნებ ამის შემდეგ, ხალხში უკმაყოფილება აგორდეს და ჩვენ რამენაირად ხელისუფლების სათავეში მოვიდეთ. ეს არის ის მდაბიო საფუძველი და მიზანი, რაზეც დღეს ეს სამეული და რადიკალური ოპოზიცია დგას“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
ამასთან, ქადაგიშვილმა ოპოზიციის გეგმებზე საუბრისას აღნიშნა, რომ მათი ძალისხმევა მიმართულია, არ უზრუნველყონ დეპოლარიზაცია და ინკლუზიურობა.
„იციან, რომ 12 პუნქტს „ქართული ოცნება“ შეასრულებს. მთელი ძალისხმევაა მიმართულია, რომ ეს დეპოლარიზაცია და ინკლუზიურობა არ უზრუნველყონ, ამით გააჩინონ ხინჯი და მუდმივად ყველა კანონზე, ყველა პროცესზე ილაპარაკონ ცუდი, ყოველგვარი არგუმენტის, მტკიცებულებების გარეშე. ამ ლოზუნგებით, ნარატივებით, განწყობის შექმნით არიან დაკავებულები. ამიტომ, ეს ევროკავშირმაც უნდა დაინახოს და გაითვალისწინოს, რომ პოლიტიკური ჯგუფების მიზანია, შური იძიონ ივანიშვილზე, მთელს საქართველოზე, რომ რამენაირად ხელისუფლებაში მობრუნდენ“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.