ირაკლი ქადაგიშვილი - სამართალდამცავების მიმართ სანქციების მიზანია, ქვეყნის ინსტიტუციური მდგრადობა შეარყიონ, რომ რევოლუციას გზა გაუხსნან
სამართალდამცავების მიმართ სანქციების დაწესების მიზანია, ქვეყნის ინსტიტუციური მდგრადობა შეარყიონ, რომ რევოლუციას გზა გაუხსნან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციის მართვა და სულის შთაბერვა გარედან ხდება, რადგან ოპოზიციას არანაირი შიდა რესურსი არ გააჩნია არჩევნებში.
„გააკეთებენ რაღაც განცხადებას, შემდეგ ოპოზიცია საუბრობს, ჩვენ პასუხი უნდა გავცეთ. ოპოზიციას ქვეყნის შიგნით, ქოსატყუილობის გარდა, არაფერი გამოდის. სამართალდამცავების მიმართ სანქციების დაწესება ერთ რამეს ნიშნავს, ნუ გეშინიათ, არჩევნებს რომ წააგებთ, რევოლუციის მოწყობისთვის შეძლებისდაგვარად გზას მოგისუფთავებთ, წნეხს გავაგრძელებთ სახელმწიფო ინსტიტუტებსა და სამართალდამცავებზე. ეს არის ამის შინაარსი. მათი მიზანია, ქვეყნის ინსტიტუციური მდგრადობა შეარყიონ, რომ რევოლუციას გზა გაუხსნან“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები და სავიზო შეზღუდვები დააწესეს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ საქართველოს 60-ზე მეტ მოქალაქესა და მათი ოჯახების წევრებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა. ხოლო სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები გამოაცხადა ზვიად ხარაზიშვილის, მილერი ლაგაზაურის, კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძის მიმართ.