ირაკლი ქადაგიშვილი - სალომე ზურაბიშვილმა დღეს 12 რეკომენდაციის შესრულების გზაზე ბევრი დამაზიანებელი განცხადება გააკეთა, მისი გამოსვლა იყო რესტარტი პოლარიზაციის გაღრმავებისკენ
პრეზიდენტმა დღეს 12 რეკომენდაციის შესრულების გზაზე ძალიან ბევრი დამაზიანებელი განცხადება გააკეთა. პირველ რიგში, მისი გამოსვლა იყო რესტარტი პოლარიზაციის გაღრმავებისკენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ყველა შესრულებულ რეკომენდაციას სალომე ზურაბიშვილმა ფორმალურად შესრულებული უწოდა.
„მან უაპელაციოდ მოახდინა იმის დეკლარირება, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გადაუხვია ევროკავშირთან ინტეგრაციის კურსსა და გზას. საქართველოს პრეზიდენტი დღევანდელი განცხადებებით რადიკალური ოპოზიციის განცხადებების მეინსტრიმში ჩაჯდა, რითაც ისინი 2011 წლიდან მოყოლებული, მუდმივად აპელირებდნენ საქართველოს და „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. ასევე, პირადად სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ, როდესაც ის შემოგდებულ რუსულ აგენტად ჰყავდათ გამოცხადებული“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ქადაგიშვილს კითხვით მიმართეს, პრეზიდენტის კრიტიკის ფონზე, რამდენად შესაძლებელია მისი იმპიჩმენტი. ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, იმპიჩმენტი ამ ვითარებაში რელევანტური არ არის.
„პრეზიდენტის დღევანდელი გამოსვლა იყო არა რაღაც მიზნის კონსოლიდაციისთვის, არამედ მიზნის დაზიანებისთვის. ამ მიზნის დასაზიანებლად „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამოყენებული ყველა ცნობილი მესიჯი აქტიურად გამოიყენა. ამით ყველაზე მთავარი შეასრულა, რომ პოლარიზაცია გაეღრმავებინა. იმპიჩმენტი ამ სიტუაციაში რელევანტური არ არის, რადგან კიდევ ერთხელ სწორედ იმ მიზნის შესრულებას არ დაეხმარება, რასაც პოლარიზაციის დასრულება ჰქვია. პრეზიდენტმა წითელი ხაზები შეიძლება არ გადალახა, მაგრამ რამდენჯერმე ფეხით გადასცდა. ერთ მაგალითს ვიტყვი, დაიწყო პარტიულ საქმეებში ჩარევა, რომელი პარტია როგორ იწყებს და როგორ იღებს გადაწყვეტილებას. საპარლამენტო დემოკრატიაში მმართველი პარტია არის გადაწყვეტილებების მაგენერირებელი და გადაწყვეტილებების მიმღები.
აბსოლუტურად უპასუხისმგებლო იყო მისი დამოკიდებულება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ძალიან ადვილად მოიხსენია, რომ ბელარუსთან მიმართებით ჩვენ რადიკალური ფორმები და ზომები არ მივიღეთ. ვინ იქნებოდა პასუხისმგებელი, პროვოკაცია რომ გაგრძელებულიყო და ბელარუსს ეღიარებინა აფხაზეთის ან ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა? სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტი ვერცერთ პასუხისმგებლობას ვერ აცნობიერებს. მას რატომღაც ჰგონია, რომ თუ ვიღაც სადღაც ტაშს დაუკრავს, ეს საქართველოსთვის ყოველთვის სასარგებლოა. ეს ადამიანი ძალიან ახლოს დგას საქართველოს ძირეული ინტერესების დაზიანებასთან და ამის შენიღბვა მხოლოდ და მხოლოდ რიტორიკით შეუძლია. თურმე მხოლოდ ის არის საქართველოს დამოუკიდებლობაზე და ევროპულ მომავალზე მზრუნველი“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.