ირაკლი ქადაგიშვილი - სახელმწიფოებს შორის ურთიერთობის შანტაჟისთვის გამოყენება ცუდი მაგალითია, მუქარის ენით გვესაუბრებიან, რადგან არ გვსურს, ფული არამიზნობრივად იხარჯებოდეს
ცუდი მაგალითია, როცა სახელმწიფოებს შორის ურთიერთობის შანტაჟისთვის გამოყენება ხდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ქადაგიშვილს კითხვა დაუსვეს „რადიო თავისუფლების“ მიერ გავრცელებულ მასალაზე, რომლის თანახმადაც: „აშშ ფლობს ინფორმაციას, რომელსაც ქართული პოლიტიკური ელიტის რეპუტაციის გაცამტვერება შეუძლია“.
ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას ესაუბრებიან მუქარის ენით მხოლოდ იმის გამო, რომ არ სურს, ქართულ პოლიტიკაში ფული არამიზნობრივად იხარჯებოდეს.
„შანტაჟის ენით გვესაუბრებიან. ახლა მუქარაა – გაგაცამტვრებთ, ამას და იმას ვუზამთო. თურმე საქართველოს ჩინეთის ხელისუფლებასთან აქვს კავშირი. ქვეყნებს სტრატეგიული ურთიერთობა აქვთ გაფორმებული. რუსეთთან საქართველოს არცერთ ოფიციალურ სახელმწიფო დაწესებულებას არ აქვს ურთიერთობა. რატომ არის შანტაჟის ენა? ყველა სახელმწიფოს, მათ შორის ამერიკას რუსეთთან ინტენსიური ურთიერთობები აქვს. ცუდი მაგალითია, როცა სახელმწიფოებს შორის ურთიერთობის შანტაჟისთვის გამოყენება ხდება. ჩვენ მუქარის, შანტაჟის ენით გველაპარაკებიან ერთი მიზეზის გამო – არ მოხდეს არამიზნობრივი ხარჯვა ფულის, რომელიც ქართულ პოლიტიკაში იხარჯება და ქვეყნებს შორის ურთიერთობები იყოს ღია, ორმაგი სტანდარტების გარეშე. ყველაფერზე მიდიან, რომ ეს არ მოხდეს. საქართველოს ყველაზე მეტი კონტრიბუცია აქვს გაწეული, როცა ეს საჭირო იყო ერაყსა და ავღანეთში. საქართველო უნდა აღიარონ, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.