ირაკლი ქადაგიშვილი - საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან აკერმანისეული პოლიტიკა თუ დაგმობილი იქნება, მაშინ რადიკალური ოპოზიციის ე.წ. რევოლუციური დუღილის ტემპერატურა განულდება
კარგი იქნება, თუ კელი დეგნანის გზავნილი რეალური პრინციპი გახდება. ვფიქრობ, ოპოზიციის რადიკალური ნაწილი დაინახავს, რომ არც ირიბი და არც პირდაპირი საერთაშორისო მხარდაჭერა მათ არ აქვთ. ანუ, აკერმანისეული პოლიტიკა თუ დაგმობილი იქნება საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, მაშინ მათი ე.წ. რევოლუციური დუღილის ტემპერატურა განულდება, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციის რადიკალური ნაწილი იმედით საზრდოობს, რომ დასავლეთში გარკვეული წრეები მხარს დაუჭერენ.
როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, პარტნიორების მხრიდან სწორი პოზიციონირება როდესაც იქნება, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის თანამშრომლობა შედგება.
„საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციამ პარლამენტის საბოტაჟი, ბოიკოტი დაიწყო და არგუმენტების გარეშე რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა მოითხოვა. ყველაფერი გავაკეთეთ, რათა მათ ამ გზაზე სიარული არ გაეგრძელებინათ და საპარლამენტო მუშაობაში ჩართულიყვნენ. ოპოზიცია მაინც ბოლომდე არ აღიარებს არც პარლამენტის ლეგიტიმაციას და წელიწადში ორჯერ-სამჯერ რევოლუციის მოწყობას აანონსებს. თითქოს 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში არ უნდა ყოფილიყო პრინციპზე განსხვავება და დისკუსია უნდა ყოფილიყო შინაარსზე, მაგრამ მათ თავიდანვე თქვეს, რომ ამ პროცესში მონაწილეობას არ მიიღებდნენ. კარგი იქნება, თუ კელი დეგნანის გზავნილი რეალური პრინციპი გახდება. ვფიქრობ, ოპოზიციის რადიკალური ნაწილი დაინახავს, რომ არც ირიბი და არც პირდაპირი საერთაშორისო მხარდაჭერა მათ არ აქვთ. ანუ, აკერმანისეული პოლიტიკა თუ დაგმობილი იქნება საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, მაშინ მათი ე.წ. რევოლუციური დუღილის ტემპერატურა განულდება, რადგან ამას ხალხში მხარდაჭერა არ აქვს და ეს ბევრჯერ დამტკიცდა.
იმედით საზრდოობენ, რომ დასავლეთში გარკვეული წრეები ამაში მხარს დაგვიჭერენო. როგორც კი სწორი მესიჯის უკან სწორი პოზიციონირება იქნება პარტნიორების მხრიდან, დამერწმუნეთ, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის თანამშრომლობა შედგება. ადვილად არა, მაგრამ შედგება. როცა სამუშაო პროცესში შემოდიან, ბევრ საკითხზე კომპრომისები მიღწევადია, მაგრამ როგორც კი, აკერმანისეულ გზას ყველა მხრიდან უარი ეთქმება, დავინახავთ, რომ თანამშრომლობა ბევრ საკითხზე შესაძლებელი იქნება“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.