ირაკლი ქადაგიშვილი - საერთაშორისო პარტნიორები ხელისუფლებას ზომიერებისკენ მოუწოდებენ, ოპოზიციას კი ეუბნებიან, რომ მხოლოდ „მინდა“ არ არის პირობა, რასაც მთელი ქვეყანა უნდა წაჰყვეს
ჩვენი მოწოდება დღესაც იქნება იგივე, მოდით მოლაპარაკების მაგიდასთან კონსტრუქციული დღის წესრიგით, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, არც რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა იქნება რთული, თუკი არჩევნებთან დაკავშირებით შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისია თუნდაც ერთპროცენტიან გაყალბებას დაადგენს.
„ჩვენი პასუხი არის იგივე, რაც იყო პირველი დღიდან, რომ მოდით პარლამენტში, მოდით მოლაპარაკების მაგიდასთან. ხედავდით, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ყველა ნაბიჯი, რომელსაც ოპოზიცია დგამდა იყო მიმართული იქითკენ, რომ ესკალაცია რაც შეიძლება მაღალი ტემპერატურით აწეულიყო. ამიტომ, ჩვენი მოწოდება დღესაც იქნება იგივე და ამ კუთხით, ვიმეორებთ იგივე ჩვენი პარტნიორების მოწოდებასაც. მოდით მოლაპარაკების მაგიდასთან კონსტრუქციული დღის წესრიგით. აქ არის ლაპარაკი – მე მინდა, მე ასე მინდა და დამთავრდა. ჩვენ ვუთხარით, რომ რიგგარეშე არჩევნებიც არ არის პრობლემა, ოღონდ რიგგარეშე არჩევნებს უნდა ჰქონდეს თავისი საფუძველი, რატომ რიგგარეშე არჩევნები. ამის საფუძველი უნდა იყოს ის, საგამოძიებო კომისია თუ იტყვის, რომ გაყალბებას ჰქონდა ადგილი ერთი პროცენტით მაინც (რეალობას რომ შევხედოთ, რა არის ეს ერთი პროცენტი, ერთი ადგილი პარლამენტში, მეტი არაფერი ხომ), ამ შემთხვევაში თანახმა ვარ. მაგრამ ისინი ამბობენ, რომ არ გვინდა ჭეშმარიტება, ჩვენ გვინდა, მხოლოდ „მინდა“. და ამ დილემის წინაშე არის დღეს მთელი საქართველო, ჭეშმარიტებასა და „მინდას“ შორის. საერთაშორისო პარტნიორები ხელისუფლებას მოუწოდებენ იმ კუთხით, რომ იყოს ხელისუფლება ზომიერი, მათ შორის კანონის აღსრულების კუთხით და ოპოზციას მოუწოდებენ, რომ მარტო „მინდა“ არ არის ის პირობა, რომელზეც უნდა მთელი ქვეყანა წაჰყვეს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.