ირაკლი ქადაგიშვილი - საეჭვო წარმოშობის ფული ხმარდება მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გამოხსნას, საქართველოსთვის გამოუსწორებელი ზიანის მისაყენებლად კოლოსალური თანხები იხარჯება
საქართველოსთვის გამოუსწორებელი ზიანის მისაყენებლად კოლოსალური თანხები იხარჯება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის ოჯახმა ამერიკულ ლობისტურ კომპანია „აკერმანს“ 917 177 დოლარი გადაუხადა.
„ფული, რომელიც საერთოდ საეჭვო წარმოშობის არის, ხმარდება მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გამოხსნას, ქვეყნისთვის დამაზიანებელი კონტექსტით. ეს ფული იხარჯება ლობიზმში, რომელიც მიმართულია ქვეყნის ინტერესების დასაზიანებლად. ამიტომ ეს არის ყოვლად მიუღებელი. საქართველოსთვის გამოუსწორებელი ზიანის მისაყენებლად კოლოსალური თანხები იხარჯება. გვეუბნებიან, რომ ეს არის ჰუმანური ნაბიჯი, რათა სააკაშვილი ციხიდან დაიხსნან“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
მისივე თქმით, წამყვან გამოცემებში გამოქვეყნებული სტატიები და დაქირავებული ექსპერტების განცხადებები უცხოეთში საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე მოქმედებს.
„ამ ლობიზმს საქართველოსთვის უარყოფითი შედეგი მოაქვს, სხვა მხრივ არ მუშაობს, რადგან ქართული საზოგადოებისგან მხარდაჭერა არ გააჩნია, სურათი სრულად არის ნაჩვენები“, – დასძინა ირაკლი ქადაგიშვილმა.