ირაკლი ქადაგიშვილი - სააკაშვილთან დაკავშირებით წელიწადნახევრიანი ფეიკკამპანია დასრულდა, სტრასბურგმა თქვა, რომ თვითდაზიანების გზას სამართლებრივი მხარდაჭერა ვერ ექნება
ერთხელ და სამუდამოდ დასრულდა წელიწადნახევრიანი ფეიკკამპანია, რაშიც მილიონები აქვთ გადახდილი. სტრასბურგმა თქვა, რომ თვითდაზიანების გზას სამართლებრივი მხარდაჭერა ვერ ექნება, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, შესაბამისი განცხადებები უნდა გააკეთონ რეზოლუციების მხარდამჭერმა პოლიტიკოსებმა, რომლებიც უაპელაციოდ აცხადებდნენ, რომ სააკაშვილი მოწამლეს.
„მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა სტრასბურგის სასამართლოს ორჯერ მიმართეს. პირველად თითქოს არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი იყო, რაზეც ევროსასამართლომ სარჩელი არ მიიღო. ახლა მოთხოვნა იყო, როგორც გადაუდებელი ზომა, გადაყვანილი ყოფილიყო სამკურნალოდ პოლონეთში. ამაზეც სტრასბურგმა თქვა, რომ გადაყვანის არანაირი აუცილებლობა არ არსებობს. ერთხელ და სამუდამოდ დასრულდა წელიწადნახევრიანი ფეიკკამპანია, რაშიც მილიონები აქვთ გადახდილი, რომ სააკაშვილი მოწამლეს, აწამეს, საქართველოში ვერ მკურნალობენ და ასე შემდეგ. სტრასბურგმა ნათლად თქვა, რომ თვითდაზიანების გზას სამართლებრივი მხარდაჭერა ვერ ექნება, რადგან, რასაც სააკაშვილი აკეთებს, ამის პრეცედენტი რომ იყოს დაშვებული, მსოფლიოში ეპიდემია იქნება – ყველა შიმშილს დაიწყებს და იტყვის, რომ მისი ჯანმრთელობა გაუარესდა. ამიტომ სტრასბურგმა ეს ყველაფერი გამორიცხა. ეს საკითხი ყოველთვის იყო პოლიტიკური სპეკულაციის და საქართველოზე ზეწოლისთვის გამოყენებული, რაც ნათლად დადასტურდა. ალბათ იმ რეზოლუციების მხარდამჭერებმა, რომლებიც უაპელაციოდ აცხადებდნენ, რომ სააკაშვილი მოწამლეს, აწამეს, პასუხისმგებლობიანი პოლიტიკოსები თუ არიან, შესაბამისი განცხადებები უნდა გააკეთონ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ორი დღის წინ ცნობილი გახდა, რომ სტრასბურგის სასამართლომ უარი უთხრა მიხეილ სააკაშვილს ვარშავაში გადაყვანაზე და სახელმწიფოს არ დაავალა ქვეყნის შიგნით მისი სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა.