ირაკლი ქადაგიშვილი - სააკაშვილის შემდგომი პატიმრობის ბედი დამოკიდებული იქნება არა მის პოლიტიკაში ყოფნა-არყოფნაზე, არამედ სამართლებრივ პროცედურებზე, რაც კანონით განსაზღვრულია
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებული არ არის პოლიტიკაში ყოფნის გამო, არამედ მსჯავრდებულია კონკრეტულ დანაშაულთა ჩადენის გამო.
მისივე თქმით, სააკაშვილის შემდგომი პატიმრობის ბედი დამოკიდებული იქნება არა მის პოლიტიკაში ყოფნა-არყოფნაზე, არამედ იმ სამართლებრივ პროცედურებზე, რაც კანონით არის განსაზღვრული.
როგორც საქართველოს პირველ არხს ქადაგიშვილმა განუცხადა, მიხეილ სააკაშვილი პატიმრობის პირველივე დღიდან ცდილობს, თავი დააღწიოს პატიმრობას და ამისთვის სხვადასხვა ხერხს მიმართავს.
„აქედან გამომდინარე, მისი ბოლო განცხადება ამ მცდელობების ვარიანტად შეიძლება ჩაითვალოს. მისი მხრიდან ასეთ მცდელობასთან გვაქვს საქმე, მაგრამ მის პატიმრობას არ განვიხილავთ, როგორც პოლიტიკური ნიშნით პატიმრობას. მას ჩადენილი აქვს კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაულები, რომელსაც სასამართლომ შესაბამისი სასჯელი განუწესა. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ამ საკითხში პოლიტიკური სპეკულაციებით ჩავერთოთ“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.