ირაკლი ქადაგიშვილი - სააკაშვილის პატიმრობის გარშემო სხვადასხვა სახის მანიპულაციის კასკადს ვხედავთ, ყოველდღე ვუყურებთ სპეკულაციებს და უნდათ, ეს პარლამენტში გააგრძელონ
ირაკლი ქადაგიშვილი - სააკაშვილის პატიმრობის გარშემო სხვადასხვა სახის მანიპულაციის კასკადს ვხედავთ, ყოველდღე ვუყურებთ სპეკულაციებს და უნდათ, ეს პარლამენტში გააგრძელონ

მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის გარშემო სხვადასხვა სახის მანიპულაციის კასკადს ვხედავთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა, რომელიც დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს გამოეხმაურა.

დეპუტატის თქმით, როცა ობიექტური მოცემულობა არსებობს, უმრავლესობა დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის წინააღმდეგი არ არის და ამის მაგალითი იყო სარალიძის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა.

მისი განმარტებით, „ქართული ოცნება“ მხარს არ დაუჭერს ისეთი კომისიის შექმნას, როცა ამოწურული არ არის ყველა ლეგიტიმური საშუალება, რაც ამა თუ იმ საკითხზე გამოძიებას აქვს.

„კომისიის შექმნა პროპაგანდისტური და პიარ-მიზნებისთვის თუ არის, რა თქმა უნდა, ჩვენ ასეთ კომისიას მხარს არ დავუჭერთ. მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის გარშემო ვხედავთ სხვადასხვა სახის მანიპულაციის კასკადს. კატეგორიულად გვეუბნებოდნენ და საზოგადოებას ზაფრავდნენ, რომ ადამიანი სიკვდილის პირას იყო მიყვანილი. საზოგადოებრივი ინტერესი იყო, მათთვის ეჩვენებინათ, რომ ეს ადამიანი სიკვდილის პირას არ იყო მიყვანილი და აუცილებელ კვებას იღებდა. შემდეგ იყო სპეკულაცია, რომ მკურნალობა სჭირდებოდა, სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ეს გახდა ინტრიგებისა და სპეკულაციების საკითხი. მათთვის მისაღები იყო მხოლოდ სააკაშვილის უცხოურ კლინიკაში გადაყვანა – ჟენევის ტბის მახლობლად და არა ჩვენს ქვეყანაში, სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა. ყოველდღე სპეკულაციებს ვუყურებთ. უნდათ, ეს სპეკულაციები პარლამენტში გააგრძელონ“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.