ირაკლი ქადაგიშვილი - ორზე ორის მიმატება ვისაც შეუძლია, მისთვის ნათელია, რომ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და გიორგი გახარიას შორის მჭიდრო თანამშრომლობა ღიად გაფორმდა
ორზე ორის მიმატება ვისაც შეუძლია, მისთვის ნათელია, რომ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და გიორგი გახარიას შორის არის მჭიდრო თანამშრომლობა, რომელიც დღეს ღიად გაფორმებულია, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ყველაფრის დამგეგმავი არის მიხეილ სააკაშვილი.
„ამ ყველაფრის პირველი შემფასებელი და დამგეგმავი არის მიხეილ სააკაშვილი და ეს მისი განცხადებებიდან ჩანს. ის, რაც გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომის დროს ფარული და გაურკვეველი მიზნები იყო, დღეს არის ღია და ნათელი. თუ თვითმმართველობის არჩევნების დროს ვინმეს ეგონა, რომ მას საკუთარი მიზნები ჰქონდა, ახლა აღმოჩნდა, მისი მიზნები იყო და არის, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გარიგებაში ყოფილიყო“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ამასთან, ირაკლი ქადაგიშვილმა შეაფასა სასამართლოს დღევანდელ პროცესზე მიხეილ სააკაშვილის განცხადების ის ნაწილი, სადაც ყოფილი პრეზიდენტი ადგილობრივი არჩევნების მნიშვნელობაზე საუბრობს: „ერთ-ერთი მთავარი ქალაქი, რუსთავი წავართვით სამი დღის წინ. უახლოეს პერიოდში წავართმევთ ბათუმს, ასევე წავართმევთ ზუგდიდს. ეს ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკური პროცესები ქვეყანაში დაიწყო“, – განაცხადა სააკაშვილმა.
როგორც ქადაგიშვილი ამბობს, სააკაშვილის ლექსიკა არის წავართვით, წავგლიჯეთ, მაგრამ არაფერი გამოუვა.
„მიხეილ სააკაშვილი სამხედრო რიტორიკაშია გადავარდნილი, ეს ადამიანი დემოკრატიულ რიტორიკას ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც საერთაშორისო ურთიერთობებში ვერ დაუბრუნდება. მისი ლექსიკაა – წავართვით, წავგლიჯეთ, არაფერი გამოუვა. ეს რევოლუციური აღტკინება, რომელიც გიორგი გახარიასთან ერთად მიაღწია, არაფრის მომცემი არ იქნება და იქ დამშვიდდეს, სადაც არის“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
მან მიხეილ სააკაშვილის ბოლო დროს გაკეთებული სხვა განცხადებებიც შეაფასა.
„პატიმრობაში მყოფ ადამიანებზე მძიმე სიტყვების თქმა არ მინდა ხოლმე, მაგრამ გარკვეულწილად სიშლეგის ზღვარია, რომ არსებულ სიტუაციაში გარკვეული სამხედრო აქტივობები ვაწარმოოთ. ეს გზავნილი ნიშნავს, რომ ცეცხლი საქართველოსკენ უნდა გაიხსნას და შემოტრიალდეს. მისი უპასუხისმგებლო პოლიტიკა 2008 წელს ძალიან ძვირად დაგვიჯდა – ოკუპირებულია ტერიტორიები და რუსეთის ფედერაციას უკანონოდ, მაგრამ მაინც აღიარებული აქვს ოკუპირებული ტერიტორიები. ამ დღის წესრიგს არასდროს დავუბრუნდებით და არც საქართველოს მოქალაქეებს უნდათ ის დღის წესრიგი, რაც ყოველთვის ურაპატრიოტიზმით იწყებოდა და საქართველოს ძირეული ინტერესების დაზიანებით, დანგრევით მთავრდებოდა, ბოლოს კი, ნაგინები პუტინი გამარჯვებული ხდებოდა. შედეგია მთავარი და არა ის სიშლეგე, რასაც ხშირად იყენებს“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.