ირაკლი ქადაგიშვილი - როდესაც ადამიანს ეუბნები, წადი, შენს ადგილზე უნდა მოვიდე და არგუმენტი მხოლოდ ის გაქვს, რომ მე ასე მინდა, ეს არ არის მოლაპარაკება
ირაკლი ქადაგიშვილი - როდესაც ადამიანს ეუბნები, წადი, შენს ადგილზე უნდა მოვიდე და არგუმენტი მხოლოდ ის გაქვს, რომ მე ასე მინდა, ეს არ არის მოლაპარაკება

შევთავაზეთ ძალიან მნიშვნელოვანი წინადადებები, რომელთა გარშემოც შეიძლებოდა შეთანხმების მიღწევა, ერთადერთი რაზეც ჩვენ უარი ვთქვით, ეს არის კაპიტულაცია და ხელისუფლების ჩაბარება, ეს არის ის წითელი ხაზი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ აქვს კონკრეტული ნაბიჯები.

„საუბარი იმაზე, რომ მოდით ახლა თქვენ ყველაფერი გვერდზე გადადეთ, მოაწერეთ ხელი აქ ჩუმ კაპიტულაციას, რა თქმა უნდა, ეს ვერ და არ მოხდება, რადგან ამას არანაირი საფუძველი არ უდევს და მეორესაც ვიტყვი, რომ ღიაა კარები პარლამენტისა და ღიაა კარები ციხისაც, ვისაც სურს გამოვიდეს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

მისივე თქმით, მოლაპარაკებას ყოველთვის აქვს პერსპექტივა, რადგან ბუნებაში არ არსებობს მუდმივი ომისა და დაძაბულობის რეჟიმი, ყოველთვის რაღაცას თავისი ლოგიკური დასასრული აქვს.

„მოლაპარაკება ამა თუ იმ ფორმატით აუცილებლად გაგრძელდება, ამ ფორმატში კოლექტიური მონაწილეობა ექნება ოპოზიციას თუ ინდივიდუალური იქნება ამას დრო გვაჩვენებს. ჩვენ ვამბობთ, რომ აბსოლუტურად ღია ვართ კონსტრუქციული მოლაპარაკებისთვის, ნურავინ ნუ დააყენებს ამ მოლაპარაკებაზე ისეთ საკითხს რომელიც ბუნებაში არ შეიძლება რომ მოლაპარაკების საგნად იქცეს. შენ როდესაც ადამიანს ეუბნები, რომ წადი და მე შენს ადგილზე უნდა მოვიდე, ამის საფუძვლად არგუმენტი მხოლოდ ის გაქვს, რომ მე ესე მინდა, ეს არ არის მოლაპარაკება. ჩვენ რეფორმების გარშემო ვეუბნებით, მზად ვართ, შევთანხმდეთ, ვიმუშაო, შევიკრიბოთ და მეორე თემა არის, ჩვენ ნუ გვავიწყდება, რომ არსებობს კიდევ რვა მარტის შეთანხმება, რომლის უხეში დარღვევა მოხდა ოპოზიციის მხრიდან რამოდენიმეჯერ“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ მზად არის მოლაპარაკებებისთვის.