ირაკლი ქადაგიშვილი - რიგგარეშე არჩევნები ვერ ჩატარდება, რადგან რიგითი არჩევნები ახლოვდება, ოპოზიციამ იცის, როგორი მცირეა მათი საარჩევნო რესურსი და რევოლუციას ეპოტინებიან
რიგგარეშე არჩევნები სამართლებრივად ვერ ჩატარდება, რადგან რიგითი არჩევნები ახლოვდება. ასევე, რიგგარეშე არჩევნების არანაირი პოლიტიკური წინაპირობა არ არსებობს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ქადაგიშვილი გამოეხმაურა „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა: „„ოცნების“ ხელისუფლებიდან გაშვების ერთი გზაა რიგგარეშე არჩევნები; მეორეა, რეგულარულ არჩევნებზე უგებ და თუ მაინც არ გაძლევენ საშუალებას, ისევ ქუჩიდან გაყარო, ყველაზე რეალისტური სცენარი ეს არის“.
„ეს არის როყიოდ ნათქვამი სიტყვა. ოპოზიციამ და კონკრეტულად ზურაბ გირჩმა ჯაფარიძემ იცის, რომ არჩევნების გზით რაიმე მნიშვნელოვანი შედეგის მოპოვების არანაირი შანსი არ აქვთ. ოპოზიციამ ძალიან კარგად იცის, როგორი მცირეა მათი საარჩევნო რესურსი. აქედან გამომდინარე, რევოლუციას ეპოტინებიან. არც რევოლუციის თავი აქვთ, რადგან რევოლუციას მარტო რევოლუციასა და სისხლს მოწყურებული ადამიანები კი არ სჭირდება, რევოლუციას სჭირდება მასა. ხალხი რევოლუციას არ ელოდება, მით უმეტეს, ამ გაცხელებული ტვინების იმედად ყოფნა ქართველ ერს არ სურს. აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი ჭიქაში ქარიშხლის შექმნის იმიტაციაა. ოპოზიციის წარმომადგენლებს ის ცოდვა არ მოუნანიებიათ, რაც ქართველი ხალხის წინაშე ჩაიდინეს, ამიტომ უნდათ, რომ ყველანი თავიანთი ცოდვის თანაზიარი გახადონ. ეს არის მთელი მათი ქცევის მორალი და ფილოსოფია“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.