ირაკლი ქადაგიშვილი - რიგგარეშე არჩევნების საკითხი პოლიტიკურად მოუმზადებელია, ქვეყნის დღის წესრიგია სტაბილურობა, მშვიდობა და 12 რეკომენდაციის შესრულება
ირაკლი ქადაგიშვილი - რიგგარეშე არჩევნების საკითხი პოლიტიკურად მოუმზადებელია, ქვეყნის დღის წესრიგია სტაბილურობა, მშვიდობა და 12 რეკომენდაციის შესრულება

რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნის დაყენება რეალურად, გამოწვეულია იმით, რომ მათ დღის წესრიგი არ აქვთ და ზერელე ლოზუნგით არიან შეიარაღებული, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, რიგგარეშე არჩევნების საკითხი პოლიტიკურად მოუმზადებელია.

როგორც ქადაგიშვილი ამბობს, ქვეყნის დღის წესრიგია სტაბილურობა, მშვიდობა, 12 რეკომენდაციის შესრულება და არა რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა.

„ოპოზიცია რეალურად რომ იყოს საპარლამენტო საქმიანობაში და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში, მათ მეტი პერსპექტივა ექნებოდათ, ამომრჩევლისთვის რაღაც საკითხებში თავისი უპირატესობა დაენახებინათ. გარიყული არიან და თავი თავად გაირიყეს. იმისათვის, რომ პოლიტიკურ ველზე რამენაირად თავისი პოზიცია დააფიქსირონ, რიგგარეშე არჩევნებზე ასეთ აბსურდულ განცხადებებს აკეთებენ. რატომ არის აბსურდული? – რიგგარეშე არჩევნები რომც ჩატარდეს, ეს იქნება მხოლოდ ერთი წლით, რადგან 2024 წელს ისედაც ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს. რიგგარეშე არჩევნები 5-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერით უნდა ჩატარდეს, რასაც თითქოს აპროტესტებენ და უნდათ, საარჩევნო ბარიერი დაწეული იყოს. ქვეყანას არანაირი ამოცანა არ აქვს რიგგარეშე არჩევნების, ანუ, პოლიტიკურად ეს საკითხი აბსოლუტურად მოუმზადებელია. ამიტომ, ეს განცხადებები დღის წესრიგს აცდენილია. ქვეყნის დღის წესრიგია სტაბილურობა, მშვიდობა და 12 რეკომენდაციის შესრულება“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ გუშინ განაცხადა, რომ საქართველოში უნდა ჩაინიშნოს ვადამდელი არჩევნები და „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა მოქმედება იქნება მიმართული ამ მიზნის მისაღწევად. ნიკა მელიამ ბრიფინგზე პარტიის სტრატეგიულ გეგმაზე ისაუბრა.