ირაკლი ქადაგიშვილი - რას ნიშნავს, როცა ელჩი ამბობს, გამოდით არჩევნებზე, დაიცავით თქვენი ხმა, ეს არის ბიძგი, საარჩევნო პროცესი რევოლუციური სცენარით წარიმართოს
კელი დეგნანის განცხადება თავიდან ბოლომდე პოლიტიკით გაჟღენთილია. რას ნიშნავს, როცა ელჩი, რომელსაც, გასაგებია, ვადა ამოეწურა, მაგრამ ამბობს, გამოდით არჩევნებზე, დაიცავით თქვენი ხმა. როგორც წესი, პოლიტიკური პარტია ამბობს ხოლმე. ანუ ვიღაც ვიღაცას ართმევს ხმას და წინასწარ, წელიწად-ნახევრით ადრე მოუწოდებს, დაიცავით თქვენი ხმაო? – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის მიერ „რადიო თავისუფლებისთვის“ მიცემული ინტერვიუს კომენტირებისას განაცხადა, სადაც არჩევნების შესახებაც არის საუბარი.
ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, „ეს არის ბიძგი, მითითება, რომ საარჩევნო პროცესი რევოლუციური სცენარით წარიმართოს“.
„2020 წელს ვიხილეთ, როგორ ხდებოდა არჩევნების ცალყბად აღიარება და, მეორე მხრივ, კრიზისის ხელის შეწყობა, მაგრამ ვერცერთი ქაღალდი, ვერცერთი დოკუმენტი, ჩვენება ვერ იქნა მოტანილი იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნები გაყალბდა. ყველა მიუთითებდა, რომ ელექტრონული ხმის დათვლის სისტემა თუ იქნებოდა, მაშინ არჩევნების გაყალბებისა და შედეგის მყისიერი გამოცხადების პრობლემა აღარ იქნებოდა. ეს სისტემა მიღებულია, მაგრამ ჩვენ უკვე დავინახეთ, რომ ამ სისტემაზე ორკესტრირებული შეტევა დაიწყო. ელჩმა გააკეთა განცხადება, შემდეგ ამას ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ მოაყოლა განცხადება, რა თქმა უნდა, ახლა მესამე, მეოთხე მოაყოლებს და წინასწარ დაიწყება ხალხში იმ აზრის მუსირება, რომ ელექტრონული სისტემით ჩატარებული არჩევნებიც კი გაყალბებულია. ანუ თეორია ისეთი იქნება, რომ, ზოგადად, ბანკსაც კი ქურდავენ. ამ დონის თეორიაზე დაჰყავთ საქმე, რათა საზოგადოებაში დღესვე დაიწყონ მზადება, რომ წაგებული არჩევნები რამენაირად რევოლუციურ სცენარში გადაზარდონ. სამწუხაროდ, ეს არის დღეს და გუშინ დაწყებული კამპანიის საბოლოო მიზანი. ვისურვებდი, ახალი ელჩი, რომელიც საქართველოში სექტემბრიდან ჩამოვა, საქართველო-ამერიკის, საქართველოს მთავრობასა და ამერიკის მთავრობას შორის უფრო მჭიდრო და სტრატეგიული ურთიერთობების განვითარების ხელშემწყობი იყოს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.