ირაკლი ქადაგიშვილი - რამდენიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ აქციაზე გაკეთებული განცხადებები უპატივცემულობა იყო საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს მიმართ
ირაკლი ქადაგიშვილი - რამდენიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ აქციაზე გაკეთებული განცხადებები უპატივცემულობა იყო საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს მიმართ

რამდენიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ აქციაზე გაკეთებული განცხადებები უპატივცემულობა იყო საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს მიმართ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, ეს არამეგობრული ნაბიჯია.

„მინისტრების მიერ გაკეთებული განცხადებები არ იყო პატივისცემა საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს მიმართ. მინისტრები და ოფიციალური წარმომადგენლები როცა არიან, პროტესტში მონაწილეობა არ უნდა მიიღონ. ეს არათუ დიპლომატიური ეტიკეტის და სახელმწიფოთა ურთიერთობების საქმეა, არამედ ეს არის არამეგობრული ნაბიჯი. მათი განცხადებები ეხებოდა ფერადი რევოლუციების განვითარების ისტორიას და მინიშნება იყო იმაზე, რომ საქართველოს მორიგი მაიდანიზაცია სჭირდება. ვნახეთ, რომ უკრაინასა და საქართველოში ფერადი რევოლუციების დროს რუსეთის მხრიდან ტერიტორიების ოკუპაცია და უფრო მეტად ავტორიტარული რეჟიმების გაფორმება მოხდა.

საქართველოსთან დაკავშირებით საერთოდ ვერ ფლობენ ინფორმაციას, რა ქვეყანასთან და რა ხალხთან აქვთ საქმე. გერმანიის წარმომადგენელმა გვითხრა, მართლმადიდებლობასთან ერთად ნათელი მომავალი არ გექნებათო. ამ ბატონებმა თქვეს, საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლის ისტორია 2003 წელს დაიწყოო. ამ დროიდან ყველაზე მძიმე, ბნელი ხანა დაიწყო, მათ შორის ოკუპაცია და რუსეთის აგრესია. ასეთი ზერელე დამოკიდებულებაა საქართველოს ისტორიის, მისწრაფებებისა და სუვერენიტეტის მიმართ. ვერ ამბობენ, ამ კანონპროექტიდან რა არის სამართლებრივად მიუღებელი. საქართველოს საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ბრძოლაში არავისზე ნაკლები როლი არ შეუსრულებია, პირიქით, ლიდერი ვიყავით და ყველაზე რადიკალური, გაბედული ნაბიჯები გვქონდა. მათი გზა კი ცოტა სხვანაირი იყო – საბჭოთა კავშირთან ერთად ნელ-ნელა რეცესია. ერთი პოლიტიკური კასტაა, რომელთაც უნდათ, მიხეილ სააკაშვილის და „ნაცმოძრაობის“ საქართველო დაინახონ. ისინი ვერ ხედავენ, რომ საქართველო გაცილებით ძლიერი, დიდია. მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი ხელისუფლებაში არა 2003 წელს, არამედ 1995 წელს მოვიდნენ, მაშინ, როცა საქართველო დსთ-ში შევიდა. სხვათა შორის, მე მაშინ მთავრობის წევრი ვიყავი და დავტოვე, „მოქალაქეთა კავშირი“ თავისი სააკაშვილით და შლეიფით ხელისუფლებაში მყარად დაჯდა და მას შემდეგ იყო. მათ რუსეთის პრობლემა არასდროს ჰქონიათ, არც 2008 წელს, როცა საზღვარზე პატიჟებდნენ. ამ ადამიანებს საქართველოს ისტორიის დანახვა მხოლოდ ფერადი რევოლუციისა და მაიდანის ჭრილში სურთ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს მიმართეს.