ირაკლი ქადაგიშვილი - რადიკალური ოპოზიციის ზნის შეცვლა რთულია, რაც კარგად დაგვანახა მერაბიშვილმა, მიტინგების ყველაზე დიდი დამრბევი დღეს შემფასებლად მოგვევლინა
რადიკალური ოპოზიციის ზნის შეცვლა რთულია. ეს კარგად დაგვანახა მერაბიშვილმა. მიტინგების ყველაზე დიდი დამრბევი დღეს შემფასებლად მოგვევლინა, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ქადაგიშვილი ჟურნალისტ ევგენი კისელიოვის იუთუბარხზე 8 მარტის გადაცემაში ვანო მერაბიშვილთან ინტერვიუს გამოეხმაურა.
ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, ვანო მერაბიშვილი საქართველოში ადამიანებზე ძალადობის სისტემის შექმნის განსახიერებაა.
„ძალადობა იყო მასობრივი, როდესაც უმოწყალოდ არბევდნენ მიტინგებს. კი არ შლიდნენ მიტინგს, საზოგადოებრივ წესრიგს კი არ იცავდნენ, არამედ მიტინგების უმოწყალოდ დარბევა ხდებოდა. ალბათ კიდევ ერთხელ უნდა ვაჩვენოთ კადრები გულწრფელ პროტესტანტებსაც, რათა ამ ადამიანებმა, ახალგაზრდებმა დაინახონ, რომ მათი პროტესტი იმიტომაც იყო მისაღები საზოგადოებისთვის, რომ სულ სხვა საქართველოში ჩატარდა, არა იმ საქართველოში, რა საქართველოსაც ვანო მერაბიშვილი და მიხეილ სააკაშვილი განასახიერებდნენ.
მასობრივი ხასიათი ჰქონდა პროტესტის უკიდურესად უმძიმესი მეთოდებით ჩახშობას, მიტინგებზე მკვლელობების ჩადენას, მიტინგებიდან ხალხის გატაცებას, ბნელ კუთხეებში ადამიანებზე ფიზიკური ანგარიშსწორებების მოწყობას, მიზანმიმართულ დასახიჩრებას სატელევიზიო კამერების წინ, რათა მთელ საქართველოში შიში ყოფილიყო რაიმე პროტესტის გამოცხადებისა. აღარაფერს ვამბობ იმ ინდივიდუალურ ტერორზე, რომელიც ყველა ბიზნესმენს გაატარეს. სწორედ ამ ადამიანებს უნდათ ახალგაზრდული ენერგიის გამოყენება, რათა ძალაუფლება დაიბრუნონ და საქართველო ახალ უბედურებაში შეიყვანონ. ეს ჩვენ კარგად დავინახეთ, ხელისუფლებაც ხედავს და უსმენს იმ მაჯისცემას, რაც ხალხშია. ახალგაზრდების დიდი ნაწილიც ხედავს ამას და ასეთი პოლიტიკოსების მიმართ მათი რეაქციაც ამ დღეებში საკმაოდ კარგად ვიხილეთ.
2020 წლის არჩევნებიდან მოყოლებული, რადიკალური ოპოზიცია ვერ ჩამოყალიბდა, დემოკრატიის გზით იარონ, თუ რევოლუციის გზით. ამიტომ მერაბიშვილის ეს განცხადებაც იმ კონვულსიის გამოხატულება, რითიც ოპოზიციამ მთელი ამ ხნის განმავლობაში იცხოვრა და ცდილობენ, მთელი საქართველო აცხოვრონ. ამიტომ ვამბობთ, რომ რთულია მათი ზნის შეცვლა, რაც კარგად დაგვანახა მერაბიშვილმა. ყველაზე დიდი დამრბევი, ვინც საქართველოში მიტინგებს არბევდა, ქართველ ხალხს ორ გვამად ასაღებდა, დღეს შემფასებლად მოგვევლინა. ამიტომ, როგორც იტყვიან, კომენტარი ზედმეტია“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.