ირაკლი ქადაგიშვილი - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, მმართველი პარტია დაადანაშაულოს 2008 წლის მძიმე შედეგების შემდგომ ვითარებაში, რაშიც „ქართულ ოცნებას“ არანაირი მონაწილეობა არ მიუღია
საქართველომ საერთაშორისო დავები ჩვენი ხელისუფლების პირობებში მოიგო, რაც ეხება სამხედრო დანაშაულის ჩადენას, ადამიანის უფლებების შეზღუდვას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
ამასთან, მისივე თქმით, არ შეიძლება, ომის თემა პოლიტიკური სპეკულაციის საგანი იყოს, რათა საქართველოს ინტერესები არ დაზიანდეს, „მაგრამ მეორე მომენტია, რომ რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, მმართველი პარტია დაადანაშაულოს 2008 წლის მძიმე შედეგების შემდგომ ვითარებაში, რაშიც „ქართულ ოცნებას“ არანაირი მონაწილეობა არ აქვს მიღებული“.
„ეს პროცესი არ მთავრდება. აქედან გამომდინარე, ჩვენც გვიწევს იმის შეხსენება, რა პოლიტიკური პასუხისმგებლობა დააკისრა ქართველმა ხალხმა იმ ხელისუფლებას, როცა არჩევნებზე მას უარი უთხრა. კარგად გვახსოვს ის უპასუხისმგებლო პოლიტიკა, რასაც მაშინ მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ ატარებდა, რამაც საბაბი და მიზეზი მისცა რუსეთს ოკუპაციის განხორციელებისა და საქართველოში შემოჭრის. ის მძიმე დღეები ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რაც ამ დროს იყო ჩადენილი. ამას ამბობს არა მხოლოდ ქართველი ხალხი, არამედ ამბობდნენ ჩვენი ქვეყნის მაშინდელი პარტნიორები, რომლებიც ხელისუფლებასთან მუშაობდნენ და აფრთხილებდნენ, რომ ეს ნაბიჯები რუსეთთან ისეთ კონფრონტაციაში მიიყვანდა და რუსეთს იმის მიზეზს მისცემდა, რომ საქართველოში შემოჭრა და ოკუპაცია მომხდარიყო“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.