ირაკლი ქადაგიშვილი ქვეყნის განვითარების ათწლიან გეგმაზე - ყველა მიმართულება გათვლილია რეალურ ციფრებზე, იმ ინდიკატორებსა და შეფასებებზე, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებით არის აღიარებული
ეს არის რეალისტური გეგმა, ყველა ციფრი და მიმართულება, რომელიც ფაქტობრივად ყველა სექტორის მიხედვითაა დალაგებული, გათვლილია მხოლოდ და მხოლოდ რეალურ ციფრებზე, იმ ინდიკატორებზე და შეფასებებზე, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებით არის აღიარებული, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, ამ პროგრამაში ვერ ვნახავთ ვერც ერთ პოპულისტურ გადაწყვეტილებას, რომელიც ერთ საარჩევნო ციკლზე არის ხოლმე გათვლილი.
„ძალიან ნაყოფიერი პრეზენტაცია იყო, ეს არის რეალისტური გეგმა, ყველა ციფრი და მიმართულება, რომელიც ფაქტობრივად ყველა სექტორის მიხედვით იყო დალაგებული, გათვლილია მხოლოდ და მხოლოდ რეალურ ციფრებზე, იმ ინდიკატორებსა და შეფასებებზე, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებით არის აღიარებული. ჩვენ ამ პროგრამაში ვერ ვნახავთ ვერც ერთ პოპულისტურ გადაწყვეტილებას, რომელიც ერთ საარჩევნო ციკლზე არის ხოლმე გათვლილი. ყველაფერი ზუსტად ისეა დალაგებული, რაც დროში ჩვენი ქვეყნის რეალურ შესაძლებლობებს შეუძლია რომ განვითარდეს და რეალური შედეგი მოუტანოს თითოეულ მოქალაქეს. პროგრამა ამავდროულად არის ინკლუზიური, გათვლილი იმაზე, რომ ყველა ინდიკატორი არა ჯამურ ციფრებში, არამედ თითოეულ მოქალაქეზე შედეგობრივად აისახოს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროგრამა ეფუძნება განათლების ძირეულ რეფორმას.
„ჩვენი ტიპის ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ეკონომიკა და განვითარება იყოს სწორედ განათლებაზე დამყარებული. გუშინ წარმოდგენილი იყო წლიურად გაწერილი კონკრეტული პროგრამა, თუ როგორ განხორციელდება და ხორციელდება უკვე ეს რეფორმა. ქვეყანაში არის ორი კოლიზია, ერთი – ვამბობთ, რომ არის სიღარიბე და უმუშევრობა, მეორე მხრივ, ყველა ადამიანი, განსაკუთრებით ვინც ბიზნესში და სხვა საქმიანობაშია ჩართული, ამბობს, რომ არის მუშახელის, კონკრეტული პროფესიის მქონე ადამიანების მწვავე დეფიციტი. ეს რეფორმა სწორედ ემსახურება იმას, რომ ეკონომიკას ჰყავდეს ცოდნით გამყარებული ჩვენი თანამოქალაქეები, ის ადამიანები, ვინც 2025-2030 წლებში ქვეყნის განვითარების ის დინამიკა უნდა მოგვცეს, რაც ევროკავშირის წევრობის ღირსს გაგვხდის“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.