ირაკლი ქადაგიშვილი - შარლ მიშელს არ უთქვამს, რომ რეფორმებს არ ვახორციელებთ, მან თქვა, გააგრძელეთ რეფორმები და ეს კეთდება
ქვეყანაში რეფორმები ძალიან თანმიმდევრულად ხორციელდება და ეს პროცესი შეუქცევადია, რეფორმები გაგრძელდება. მომსწრე ხართ, რომ რეფორმები არ ჩერდება და გრძელდება. საარჩევნო და ყველა დემოკრატიული პროცესი ბოლომდე მივა, საქართველოს არანაირი სანქცია არ ემუქრება, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, რეფორმების განხორციელებას არჩევნების გადადების მავნე ნარატივი ვერ შეუშლის ხელს.
„ეს არის ის რეალობა, რომელსაც ყველა დავინახავთ, მათ შორის 2 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ. ის, რომ ოპოზიცია და მასთან აფილირებული არასამთავრობო ორგანიზაციები თავისი გზავნილით მხოლოდ იმ ინფორმაციის პროპაგანდას ეწევიან, რაც სანქციების შემოღებას უნდა უწყობდეს ხელს, გარკვეულწილად ასეთი განცხადების გარკვეული კონტექსტი ამითაც არის გამოწვეული, თუმცა თუ რეალურად დასკვნებს შევხედავთ და ამ დასკვნებში აღქმების გარდა წავიკითხავთ კონკრეტულად კანონთან და პროცესებთან დაკავშირებით რა შენიშვნები არის, დავინახავთ, რომ თურმე, კანონი კარგი გვაქვს, უბრალოდ, ოპოზიცია არ მონაწილეობს ამ პროცესში. ვინაიდან, ოპოზიცია არ მონაწილეობს, ე.ი. აღქმა მაშინ ცუდია. ანუ, ის, რასაც ოპოზიცია აფუჭებს, ვერ იქნება საბოლოო ჯამში სანქციის განმაპირობებელი. ნუ უტრირებთ განცხადებებს, რადგან შარლ მიშელს არ უთქვამს, რომ რეფორმებს არ ვახორციელებთ, მან თქვა, რომ გააგრძელეთ რეფორმები და ეს კეთდება. რეფორმების განხორციელებას არჩევნების გადადების მავნე ნარატივი ვერ შეუშლის ხელს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარ მიშელი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან საუბრის შესახებ წერს. მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილთან საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ რეფორმები საჭიროა, როგორც არასდროს.
„პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან ხაზი გავუსვი, რომ რეფორმები საჭიროა, როგორც არასდროს. ახლოვდება მაკროფინანსური დახმარების გამოყოფის ვადა და დროა, რომ საქართველოს მთავრობამ აჩვენოს თავისი ვალდებულება შეთანხმებებისადმი და კერძოდ, რეფორმების დღის წესრიგისადმი“, – წერს შარლ მიშელი.