ირაკლი ქადაგიშვილი - ქვეყანაში დაისადგურა მშვიდობამ და მთელი ამ ხნის განმავლობაში არ მომხდარა ისეთი რამ, რაც სტაბილურობას და მის ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხის ქვეშ დააყენებდა
ქვეყანაში დაისადგურა მშვიდობამ და მთელი ამ ხნის განმავლობაში ქვეყანაში არ მომხდარა ისეთი რამ, რაც სტაბილურობას და მის ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხის ქვეშ დააყენებდა, ამავდროულად, ხალხი გათავისუფლდა იმ წნეხისაგან, რა წნეხიც იმ რეჟიმის დროს იყო, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ აგრძელებს წარმატებისკენ სვლას.
„დღეს ბიზნესი ხელშეუხებელია და ყველა ბიზნესმენი თავისუფალია თავის ქმედებაში, მათ შორის, პოლიტიკაში აქტიური მონაწილეობაც შეუძლიათ. გახსოვთ, რომ მაშინ არათუ ბიზნესმენი, ნებისმიერი ადამიანი დიდი დარტყმის ქვეშ დგებოდა, თუ ის პოლიტიკაში გადაწყვეტდა მოსვლას. მედიასივრცე მრავალფეროვანია, ოპოზიციურად განწყობილი მედიაც თანაბრადაა ჩვენს მედიასივრცეში წარმოდგენილი. ვხედავთ, რომ სამართალდამცავი უწყებები და სასამართლოც ძირფესვიანადაა შეცვლილი, ციხეებში მდგომარეობა შეცვლილია, მნიშვნელოვნად შემცირებულია ადამიანების ციხეებში მოხვედრა და თვითონ ციხეშიც სხვა პირობებია ჩვენი მოქალაქეებისათვის. ეს მართლაც არის მათი სოციალური რეაბილიტაციის საფუძვლის მომცემი. ქვეყანამ ამ მშვიდობიან პერიოდში სტაბილური განვითარების საშუალება მიიღო, რაც ეკონომიკაზეც აისახა, სოციალურ პროგრამებზეც, დაწყებული საყოველთაო ჯანდაცვიდან, დამთავრებული იმით, რომ, პენსიების და ხელფასების მატება უკვე ყოველწლიურად, ფაქტობრივად, ავტომატურ რეჟიმში მიმდინარეობს. ჩვენი ქვეყანა აგრძელებს სვლას ევროპისკენ და ამ ხნის განმავლობაში ყველა წარმატება – დაწყებული ევროასოციაციიდან, უვიზო რეჟიმი, საყოველთაო ვაჭრობის ხელშეკრულება – ამ ხელისუფლების მონაპოვარია. ჩვენ დავინახავთ, რომ ამ წლის ბოლოს, იმედია, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მოგვანიჭებენ. თუმცა, რა თქმა უნდა, გამოწვევები რჩება და ამ გამოწვევებს ყოველთვის ღიად და ნათლად ვუყურებთ. ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება სწორედ სიღარიბე, და ის ეკონომიკური ზრდა, რომელიც, მესამე წელია, საქართველოს მკაფიოდ გააჩნია, საბოლოო ჯამში, მიმართული იქნება იქითკენ, რომ სიღარიბე ამ ქვეყანაში დამარცხდეს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.