ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიციის წარმომადგენლებს არ აქვთ უნარი რაიმე მნიშვნელოვანი აქციის ჩატარების და თარიღებს იღებენ დაახლოებით ორთვიანი, ორთვენახევრიანი ინტერვალებით 
ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიციის წარმომადგენლებს არ აქვთ უნარი რაიმე მნიშვნელოვანი აქციის ჩატარების და თარიღებს იღებენ დაახლოებით ორთვიანი, ორთვენახევრიანი ინტერვალებით 

ვფიქრობ, რომ ოპოზიციის მიერ დაანონსებული აქცია აცდენილია იმ დღის წესრიგს, რა დღის წესრიგიც საქართველოშია მნიშვნელოვანი. ეს არის მოლაპარაკებები და დიალოგი, რომლის საბოლოო მიზანი ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა ყველა დონეზე, ყველა ქვეყანაში და ყველა ფორმატში აღნიშნეს, უნდა მოხდეს პარლამენტში მათი შესვლა, საპარლამენტო ცხოვრების გაშლა და ყველა იმ პრობლემისა და იმ მნიშვნელოვან რეფორმებზე მუშაობის გაგრძელება, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული განვითარებისთვის და ევროკავშირთან მჭიდრო ინტეგრაციის გაგრძელებისათვის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

დეპუტატის თქმით, ხუთი თვის გამოცდილებამ ყველას დაანახა, რომ ქუჩის აქციები არ არის მოთხოვნადი პირველ რიგში ქართველი ხალხისთვის, ამომრჩევლისთვის, რადგან ისინი არ თვლიან, რომ ამ აქციებს რაიმე აზრი გააჩნია და შეიძლება რაიმე კონსტრუქციული და შედეგზე ორიენტირებული შეიძლება იყოს.

„ეს აქციები ვერ და არ იქნება ზეწოლის იარაღი „ქართულ ოცნებაზე“. ეს აქციები არანაირად არ განიხილება საერთაშორისო მეგობრებისა და მედიატორების მხრიდან რაიმე კონსტრუქციულობის მატარებლად. მათ არ აქვთ დღეს არანაირი უნარი რაიმე მნიშვნელოვანი აქციის ჩატარებისა და თარიღებს იღებენ დაახლოებით ორთვიანი, ორთვენახევრიანი ინტერვალებით. რა თქმა უნდა, როდესაც შენ მოლაპარაკებების პროცესში არ ხარ კონსტრუქციულად განწყობილი, ეს ყველასთვის კარგად ცნობილია და ამაზე საერთაშორისო დონეზეც უკვე განცხადებებიც ღიად არის გაკეთებული. 15 მაისის აქცია დააანონსეს, რადგან მათ ჰგონიათ, რომ რაღაცნაირად ასეთი არაკორექტული საქციელით, რაიმე ზეწოლას მოახდენენ. კარვების ქალაქის შენარჩუნების დედლაინიც ისაა, რომ 15 მაისი აქციისთვის ინარჩუნებენ ამ კარვებს, რომელიც სინამდვილეში რეალურად არაფერს არ ცვლის, გარდა იმისა, რომ ამახინჯებს ფონს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.