ირაკლი ქადაგიშვილი - საარჩევნო ბარიერი არის ბოლო მაშველი რგოლი, რათა პარტიებმა დაბალი ბარიერის პირობებში, პარლამენტში მოხვედრის საშუალება შეინარჩუნონ
ირაკლი ქადაგიშვილი - საარჩევნო ბარიერი არის ბოლო მაშველი რგოლი, რათა პარტიებმა დაბალი ბარიერის პირობებში, პარლამენტში მოხვედრის საშუალება შეინარჩუნონ

საარჩევნო ბარიერი არის ბოლო მაშველი რგოლი, რათა პარტიებმა პერსპექტივისთვის მაინც შეინარჩუნონ დაბალი ბარიერის პირობებში პარლამენტში მოხვედრის საშუალება, სრულად პროპორციული მომავალი საპარლამენტო არჩევნები იყოს ნოყიერი ნიადაგი, რათა კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება შეძლოს საქართველოს მომავალმა პარლამენტმა, –  ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა.

დეპუტატის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებისთვის საჭიროა ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერა. ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ ოპოზიციამ უნდა გაარკვიოს, რა არის მისი მიზანი, ევროპული სტანდარტის მიღება, თუ ქვეყნის ქაოსში შეყვანა.

„ვერ გეტყვით, რას იზამენ, რადგან კონსტრუქციული ნაბიჯების გადმოდგმა ძალიან უჭირთ. ხშირ შემთხვევაში, შეუძლებელიც კი ხდება ხოლმე. თუ ისინი ამ მიმართულებით მაინც გამოიჩენენ პოლიტიკურ შორსმხედველობას და პარლამენტში ნაწილი მაინც შემოვა, 18-20 ადამიანი, ვნახავთ. „ქართულმა ოცნებამ” 2012 წლის შემდეგ რეალურად შეცვალა საარჩევნო სისტემა, საარჩევნო გარემო და პოლიტიკური სისტემა. საარჩევნო სისტემის შეცვლა ზუსტად ევროპულ საუკეთესო სტანდარტებზე გვსვამს. აქედან გამომდინარე, თავად ოპოზიციამ უნდა გაარკვიოს, რა არის მისი მიზანი – ევროპული სტანდარტის მიღება, თუ ქვეყნის ასეთ ქაოსში შეყვანა, რასაც ისინი ცდილობენ. პოლიტიკურმა პროცესმა აჩვენა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ” მოახერხა ერთი რამე – შვიდ პოლიტიკურ პარტიას საარსებო არეალი შეუზღუდა და მთლიანად წაართვა. ანუ, ამომრჩეველმა, რომელმაც შვიდი პარტია აირჩია, მათ ფაქტობრივად, საკუთარი პოლიტიკური სახე დაკარგეს და თავიდან ბოლომდე მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის”, გიგა ბოკერიასა და გიგი უგულავას ნარატივის ქვეშ იყვნენ, რომლებიც პარლამენტში საერთოდ ვერ მოხვდნენ. თუ მკითხავთ, მათ ამომრჩეველიც კი აღარ ჰყავთ”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

საარჩევნო ბარიერის დაწევასთან დაკავშირებით ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები მომზადდა. ცვლილებები საპარლამენტო უმრავლესობამ მოამზადა. კონსტიტუციური პროექტის მიხედვით, საარჩევნო ბარიერის 5-დან 3 პროცენტამდე შემცირება იგეგმება. პარლამენტში აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილება უკვე დარეგისტრირდა.