ირაკლი ქადაგიშვილი - „ქართული ოცნება“ ნიშნავს მშვიდობის შენარჩუნებას და ევროპისკენ სვლას
ირაკლი ქადაგიშვილი - „ქართული ოცნება“ ნიშნავს მშვიდობის შენარჩუნებას და ევროპისკენ სვლას

საზოგადოებისთვის არჩევანის გაკეთება ნათელია, რადგან „ქართული ოცნება“ ნიშნავს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას, კეთილდღეობას, ღირსებასა და ევროპისკენ სვლას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი დანაყოფები ის პოლიტიკური ძალები და რადიკალები არიან, რომლებიც საქართველოს რუსეთთან ისეთი ტიპის კონფრონტაციაში შესვლისკენ მოუწოდებდნენ, რაც ქვეყანაში 2008 წელზე უფრო მძიმე ვითარებას შექმნიდა.

„საზოგადოებისთვის არჩევანის გაკეთება ნათელია, რადგან „ქართული ოცნება“ ნიშნავს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას, კეთილდღეობას, ღირსებასა და ევროპისკენ სვლას. „ნაციონალური მოძრაობა“, მისი დანაყოფები ის პოლიტიკური ძალები და რადიკალები არიან, რომლებიც თვალნათლივ მოუწოდებდნენ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაში, მებრძოლების გაგზავნასა და რუსეთთან ისეთი ტიპის კონფრონტაციაში შესვლაში, რაც 2008 წელზე კიდევ უფრო მძიმე ვითარებას შექმნიდა საქართველოში. გვინდა მშვიდობა, განვითარება, კეთილდღეობა, ღირსება და ამით ევროპაში შესვლა თუ ისევ ტრაგედია გვინდა, რაც ვიღაც აქტორების მხრიდან იქნება ტაშდაკრული, ეს საქართველოს ათეული წლების განმავლობაში უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდებს, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მისი თქმით, ოპოზიციის მთელი მზაკვრობა იმაშია, რომ მათი მხრიდან მშვიდობაზე საუბარი ხალხის მოტყუებაა.

„არ ახსოვთ, რა მოხდა 2008 წელს? ჩვენ ვერ ვუყურებთ იმას, რა ხდება დღეს, სამწუხაროდ, უკრაინაში? ამიტომ, მშვიდობა ეს ისაა, რასაც ჩვენი ქვეყნისთვის დღეს ალტერნატივა არ გააჩნია. ვინც მშვიდობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, სწორედ ისინი არიან, ვინც საქართველოს წუთიერი, თავიანთი პოლიტიკური მიზნების მიღწევის გამო ომისკენ უბიძგებდნენ. გახსოვთ, 2008 წლის წინაისტორია როგორი იყო? სააკაშვილის ხელისუფლებამ ერთი მეორეზე უდიდესი შეცდომები და დანაშაულები ჩაიდინა, საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბებით მოიგო და საზოგადოება კატეგორიული წინააღმდეგი იყო. თავისი პროვოკაციული ქმედებებით საქართველოში რუსული აგრესია მივიღეთ, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ის ხელისუფლებაა, რომელიც პროვოკატორების ცილისწამებას არ აჰყვა და ქართველი ერის, სახელმწიფოს გრძელვადიანი და ფუნდამენტური ინტერესები დაიცვა.

„პოლიტიკური პროვოკატორები პოლიტიკური მიზნის გამო ქვეყანას სწირავენ. „ქართული ოცნება“ ის ხელისუფლებაა, რომელიც პროვოკატორების ცილისწამებას არ აჰყვა და ქართველი ერის, სახელმწიფოს გრძელვადიანი, შორს მიმავალი და ფუნდამენტური ინტერესები დაიცვა. ომის დამნაშავე და აგრესიის წყარო რუსეთის ფედერაციაა. რა თქმა უნდა, ეს უპირობო მოცემულობაა, რასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ საერთაშორისო სასამართლოებში სამი პროცესი მოიგო. საუბარია იმაზე, იმ პოლიტიკის წარმოებაზე, რამაც შესაძლებელი გახადა რუსეთის მხრიდან აგრესიის განხორციელება. ქართულმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, წინა ხელისუფლება რა პოლიტიკას ატარებდა, რა წინდაუხედავ და პროვოკაციულ პოლიტიკას ატარებდა, რამაც რუსეთს ამ აგრესიის განხორციელება გაუადვილა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.