ირაკლი ქადაგიშვილი - „ქართულ ოცნებას“, მით უმეტეს, ბიძინა ივანიშვილს არაფერი სჭირთ გადასარჩენი, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივი გაახმოვანა
„ქართულ ოცნებას“ გადასარჩენი არაფერი სჭირს, მით უმეტეს, ბიძინა ივანიშვილს, ამიტომ „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივი ამ არასამთავრობო ორგანიზაციამ კიდევ ერთხელ ამით აჩვენა, თუ რა არის მისი რეალური არასამთავრობოობა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ქადაგიშვილს კითხვა დაუსვეს „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებლის, ნოდარ ხარშილაძის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, „„ქართული ოცნება“ გაზარმაცდა, ოპოზიცია ცოტა ძლიერი რომ იყოს, დიდი შანსი ექნებოდა არჩევნებზე, დაქუცმაცებით ვერანაირი ერთობა ვერ ვნახეთ, ივანიშვილს კი შანსი აქვს, ამჯერადაც გადარჩეს“.
როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა, „ისიც ნათელია, რომ წუხან და ხედავენ, დაქუცმაცებულები, პოლიტიკურად დაცლილები არიან და, ბუნებრივია, მათ არანაირი პერსპექტივა გააჩნიათ გამარჯვების“.
„რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციებს, მათი დაფინანსების წყაროებს, სამწუხაროდ, საქართველოში არასამთავრობოების ძალიან დიდი ნაწილი არის პოლიტიკური ბრძოლის იარაღი, თითქოს სამოქალაქო სექტორის დამოუკიდებელი აზრის და ა.შ. ამ ნარატივით პირდაპირ პოლიტიკური პროცესების თანამონაწილეები გახდნენ და გახდნენ ყოველთვის ნეგატიური კონტექსტით და მიმართულებით. ამასთან ერთად, რაც მთავარია, ეს რომ შენიღბული იყოს, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მათი დაფინანსების წყარო, ფინანსების გამოყენების მიზნები იყოს დაფარული. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ყველაზე მეტს ლაპარაკობენ ღიაობაზე, გახსნილობაზე, არიან ყველაზე დახურული ორგანიზაციები და კარგი იქნება, მათი ავტორიტეტი ოდნავ მაინც რომ გახდეს დასაფასებელი საზოგადოებისათვის, თვითონვე წარმოადგინონ ფინანსები. ვთავაზობთ მათ, ისეთი დონის გამჭვირვალობის შესახებ კანონი შეიმუშაონ, სადაც ნათელი იქნება, ვინ არიან მათი დამფინანსებლები, რამდენია და რა მიზნებისთვის არის ეს დაფინანსება, ემსახურება თუ არა ეს არასამთავრობო სექტორისთვის დამახასიათებელ მიზნებს თუ პოლიტიკური ბრძოლის იარაღია“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.