ირაკლი ქადაგიშვილი - „ქართულ ოცნება“ არავის მისცემს საშულებას, რომ ჰიბრიდული ომის სცენარები საქართველოში განხორციელდეს
კარგი იქნება, თუ ოპოზიცია თავის პოლიტიკური დღის წესრიგისთვის უფრო რეალისტურ მიზნებს დაასახელებს და არა იმ სპეკულიანტურ მიზანს, რასაც საბოლოო ჯამში, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან ზრუნვასთან არანაირ კავშირი არ აქვს, – განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
„მათ რომ აინტერესებდეთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ერთი მოწოდება მაინც იქნებოდა რომელიმე მათგანის მიერ, ან ოჯახის წევრების მიერ, რომ შეეწყვიტა ამ ადამიანს ეს ე.წ. შიმშილობის აქცია, რომელსაც, აგრეთვე, დაჟინებით ითხოვს სტრასბურგის სასამართლო“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
მისი თქმით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ არც ეს ე.წ. შიმშილობა და არც ქვეყანაში შემოპარვა სხვა არაფერს ითვალისწინებდა თუ არა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული ომის კიდევ უფრო მეტად ესკალაციას.
„ორი არჩევნები ჩატარდა საქართველოში და ოპოზიციამ ორივე წააგო, მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი არ აჩერებენ იმის მცდელობას, რომ ქვეყანა დესტაბილიზაციაში შეიყვანონ და ეს არის სწორედ ჰიბრიდული ომის ყველაზე ნათელი მაგალითი, როდესაც დღესაც რამდენიმე დეპუტატი ტოვებს პარლამენტის იმ მანდატს, რომელიც მათ ხალხმა მიანიჭა და დესტრუქციული ქმედებებისკენ მოუწოდებს საზოგადოებას. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ, როგორც სახელმწიფო, „ქართულ ოცნება“ როგორც პოლიტიკური გუნდი, რომელიც დღეს არის მმართველი პარტია, არავითარ შემთხვევაში არ მისცემს არავის საშულებას, რომ ჰიბრიდული ომის ეს სცენარები საქართველოში განხორციელდეს და რეალობად იქცეს. ჩვენ ქვეყანას ევოლუცია სჭირდება და არა თითიდან გამოწოვილი რევოლუცია, რომელსაც უბედურების მეტი ჩვენი ქვეყნისათვის არასდროს არაფერი მოუტანია“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.