ირაკლი ქადაგიშვილი - პრეზიდენტის განცხადება ემსახურება არა საქართველოს საუკეთესო ინტერესებს, არამედ იმ შიდა მანკიერი ბრძოლის მეთოდებს, რომლებიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაამკვიდრა
პრეზიდენტის განცხადება ემსახურება არა საქართველოს საუკეთესო ინტერესებს, არამდედ იმ შიდა მანკიერი ბრძოლის მეთოდებს, რომლებიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაამკვიდრა, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ქადაგიშვილმა კომენტარი გააკეთა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის დღეს გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც სალომე ზურაბიშვილი ამბობს: „საქართველოს მთავრობამ იზოლაციაში მოაქცია თავი, ცდილობს, გაამართლოს ვითომ დაბალანსებული პოზიცია, ვწუხვარ, რომ კიევში ოპოზიციის სახით ვართ წარმოდგენილი, თუმცა ეს მაინც მიხარია“.
ქადაგიშვილის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილის განცხადება სახელმწიფოს აზიანებს.
„პრეზიდენტი არის საქართველოს პრეზიდენტი და არა უბრალო პოლიტიკოსი, რომელიც მთავრობის ან მმართველი გუნდის წინააღმდეგ რაიმე მწარე განცხადებებს უნდა აკეთებდეს. კარგი იქნება, თუ პრეზიდენტი გაერო-ს გუშინდელ რეზოლუციას გაეცნობა, სადაც საქართველო არა მხოლოდ ხმის მიმცემია, არამედ ინიციატორთა შორის იყო. აქედან გამომდინარე, მისი ეს განცხადება არ ემსახურება საქართველოს საუკეთესო ინტერესებს და ემსახურება იმ შიდა მანკიერი ბრძოლის მეთოდებს, რომლებიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაამკვიდრა. პრეზიდენტის ეს განცხადება სახელმწიფოს აზიანებს. ამ შემთხვევაში პრეზიდენტი ხდება შიდა პოლიტიკური ბრძოლის გამტარი საზღვარგარეთ, ეს უცხოეთში აღიქმება, როგორც პრეზიდენტის ნათქვამი, რითიც ზიანდება სახელმწიფო“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.