ირაკლი ქადაგიშვილი - „პატრიოტთა ალიანსის“ სია ოფიციალურად რეგისტრირებულია და მათ სიაზე პარლამენტში ადგილმონაცვლეობის პრინციპი ვრცელდება
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, 4 იანვრის რიგგარეშე სხდომაზე „პატრიოტთა ალიანსის“ მხოლოდ სამი წევრისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე შედგება მსჯელობა.
მისი განმარტებით, პარლამენტს პარტიის სიის სწორედ სამმა წევრმა მიმართა აღნიშნული მოთხოვნით.
საუბარია ირმა ინაშვილზე, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძეზე.
როგორც ქადაგიშვილი აცხადებს, „პატრიოტთა ალიანსის“ სია ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კვლავაც რეგისტრირებულია და აქედან გამომდინარე, პარტიის სამი წარმომადგენლის მიერ უფლებამოსილების შეწყვეტის შედეგად, სიის მომდევნო სამ წევრს ექნება იურიდიული უფლება, გახდეს ადგილმონაცვლე და პარლამენტის წევრი.
„ჩვენ იმიტომ განვიხილავთ ამ საკითხს ახლა, რომ მათ სია ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან ჩახსნილი არ აქვთ. არის დიდი ალბათობა, რომ სიის შემდგომი პიროვნებები ვინც არიან, ისინი პარლამენტში შემოვლენ უკვე მომავალ სესიაზე და ამიტომ ხდება მათი ამ უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით განხილვა“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.
რაც შეეხება „პარტიოტთა ალიანსის“ წევრების განცხადებებს, რომ მათი სიის 132-ვე წევრს დაწერილი ჰქონდა განცხადება მანდატების უარის თქმასთან დაკავშირებით, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე განმარტავს, რომ განცხადება უფლებამოსილების შეწყვეტაზე მხოლოდ პარტიის სამი წევრისგან შევიდა პარლამენტში.
„განცხადებები ერთია, მაგრამ რეალობა არის ის, რომ სიის სამ ადამიანს აქვს დაწერილი პარლამენტში უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადება. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მათი სია რეგისტრირებულია. არაფერი შეცვლილა და ამ სამი ადამიანის გასვლის შემთხვევაში, მომდევნო სამ ადამიანს აქვს იურიდიულად უფლება, რომ გახდეს ადგილმონაცვლე და პარლამენტის წევრი. ამიტომ ჩვენ ამ ვარიანტს განვიხილავთ. ამ ეტაპზე, „პატრიოტთა ალიანსის“ სია არის ოფიციალურად რეგისტრირებული და ადგილმონაცვლეობის პრინციპი მათ სიაზე ჩვეულებრივად ვრცელდება“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
მისივე თქმით, სხვა პარტიების განცხადებების განხილვა სავარაუდოდ, უკვე საგაზაფხულო სესიაზე მოხდება.
„ჩვენ მაინც ვცდილობთ, რომ პირველ რიგში არ დავარღვიოთ კანონი და მეორეს მხრივ, მაქსიმალურად მივცეთ პოლიტიკურ პარტიებს, ყველა შესაბამის აქტორს იმის საშუალება, რომ ჰქონდეთ დრო საბოლოო გადაწყვეტილებების მიღებამდე. დანარჩენების საკითხი გადავა უკვე საგაზაფხულო სესია, რომ გაიხსნება“, – განაცხადა ირაკლი ქადაგშვილმა.
„პატრიოტთა ალიანსის“ გარდა, საქართველოს პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე მიმართეს: „სტრატეგია აღმაშენებელმა“, „ლელომ“, „ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებულმა ოპოზიციამ“, „ლეიბორისტულმა პარტიამ“, „ევროპულმა საქართველომ“ და ზურაბ ჯაფარიძემ. ამასთან, სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე არ მიუმართავთ პარტია „მოქალაქეებს“ და „გირᲩის“ სამ წევრს.