ირაკლი ქადაგიშვილი - პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობა“ მაინც უმცირესობაში აღმოჩნდება, რადგან მათი დესტრუქციული დღის წესრიგი არ შედის სხვა პარტიების ინტერესში
ირაკლი ქადაგიშვილი - პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობა“ მაინც უმცირესობაში აღმოჩნდება, რადგან მათი დესტრუქციული დღის წესრიგი არ შედის სხვა პარტიების ინტერესში

„ნაციონალური მოძრაობა“ კიდევ ერთხელ აჩვენებს რეალურ სახეს, რომელიც ყოველთვის მხოლოდ დესტრუქციისკენ არის მიმართული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

„ნაციონალური მოძრაობის“ შემოსვლა თვისებრივად არაფერს ცვლის, რადგან ეს შემოსვლაც მაინც დესტრუქციით არის გაჯერებული, გამომდინარე იქიდან, რომ ისინი ხელს არ აწერენ ევროკავშირის შეთანხმებას და კიდევ ერთხელ აჩვენებენ თავიანთ რეალურ სახეს, რომელიც ყოველთვის მხოლოდ დესტრუქციისკენ არის მიმართული. ამ დესტრუქციის ერთადერთი მიზანი არის ნებისმიერი გზით სიტუაციის დაძაბვა და ხელისუფლების ამ გზით ხელში ჩაგდება, რაც აბსოლუტურად უპერსპექტივოა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

კითხვაზე, მოუწევს თუ არა „ნაციონალურ მოძრაობას“ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერა, ქადაგიშვილმა განაცხადა, „ნაციონალურ მოძრაობას“ ამ შემთხვევაშიც უკან დახევა მოუწევს, როგორც სხვა საკითხებთან მიმართებით მოხდა.

„ვფიქრობ, როგორც ამ სხვა გადაწყვეტილებებზე საბოლოო ჯამში უკან დახევა მოუწიათ, ასევე მოუწევთ უკან დახევა შარლ მიშელის დოკუმენტთან დაკავშირებით. ჩვენ უკვე ვნახეთ, რომ ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოები ამასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. ისინი გამოთქვამენ, ერთი მხრივ, დადებით პოზიციას, რომ მათ პარლამენტში შემოსვლა გადაწყვიტეს, მაგრამ მეორე მხრივ, გამოთქვამენ იმედგაცრუებას, რომ ისინი კვლავ არაკონსტრუქციულნი არიან. იმის გამო, რომ ევროკავშირთან ამ შეთანხმებაში სხვა პოლიტიკურ პარტიებთან ერთად არ ერთიანდებიან, რა თქმა უნდა, პარლამენტში დესტრუქციული პოლიტიკური დღის წესრიგის დატოვებას გეგმავენ. გამომდინარე აქედან, პარლამენტში ისინი მაინც უმცირესობაში აღმოჩნდებიან, რადგან მათი დესტრუქციული დღის წესრიგი არ შედის სხვა პოლიტიკური პარტიების, მათ შორის ოპოზიციური პარტიების ინტერესში“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შედის. ამის შესახებ გადაწყვეტილება პარტიამ პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღო. ამასთან, საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვის გადაწყვეტილების მიუხედავად, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განმარტებით, შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს ხელს არ აწერენ.