ირაკლი ქადაგიშვილი - ოთხი მოქალაქის დასანქცირებაზე უსუსური გადაწყვეტილება საქართველოს შანტაჟისა და ზეწოლისკენ არის მიმართული
ირაკლი ქადაგიშვილი - ოთხი მოქალაქის დასანქცირებაზე უსუსური გადაწყვეტილება საქართველოს შანტაჟისა და ზეწოლისკენ არის მიმართული

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებით საქართველოს ოთხი მოქალაქისთვის სანქციების დაწესების მიზანი საქართველოზე შანტაჟი და ზეწოლაა.

მისივე თქმით, უკრაინას საქართველოს ომში ჩართვა სურს.

ამასთან, როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა, საქართველოს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ კეთილმოსურნე დამოკიდებულუბა აქვს.

„ომის განმავლობაში და ომამდეც საქართველოს მიმართ უკრაინის ხელისუფლების გარკვეული წარმომადგენლების დამოკიდებულება არგუმენტებსა და ფაქტებს მოკლებულია. ამის ნათელი სურათი ყოველ ჯერზე დავინახეთ, დაწყებული მათი ბრალდებებით. ყველა ნაბიჯის შინაარსი არის ერთადერთი – მათ უნდათ, საქართველო იყოს ჩართული ომში რუსეთის წინააღმდეგ. თვლიან, რომ ფრონტზე მათი მძიმე მდგომარეობა შემსუბუქდება. საქართველო ასეთ ნაბიჯს არ დგამს. აქედან გამომდინარე, ეს უსუსური გადაწყვეტილებაც მიმართულია იქითკენ, რომ კიდევ ერთხელ მოახდინონ შანტაჟი, ზეწოლა საქართველოზე. რა ვქნათ, სამწუხაროდ, ასეთია მათი დამოკიდებულება და ხედვა საქართველოზე. საქართველოს დამოკიდებულება უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ არის აბსოლუტურად განსხვავებული და კეთილმოსურნე.

ეს მოქმედება მიჰყვება შემდეგ ლოგიკას – საქართველოს გარშემო მუდმივად შექმნან უარყოფითი აურა. რა თქმა უნდა, მათ მოკავშირეებს საქართველოში, თუნდაც„ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მასთან ასოცირებულ სხვადასხვა სატელიტურ ორგანიზაციას საკვები მისცენ, რომ პროვოკაციული სიუჟეტები მოამზადონ. ეს არის მთელი ლოგიკა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებით, საქართველოს ოთხ მოქალაქეს სანქციები დაუწესდა.