ირაკლი ქადაგიშვილი - ოთხი დეპუტატის პოზიცია საკმაოდ რადიკალურია, ეს არის მათი არჩევანი, პოლიტიკური განცხადების სტილი და ტონი, მმართველი პარტია ვერ გაჰყვება ამ ტონს და სტილს
ირაკლი ქადაგიშვილი - ოთხი დეპუტატის პოზიცია საკმაოდ რადიკალურია, ეს არის მათი არჩევანი, პოლიტიკური განცხადების სტილი და ტონი, მმართველი პარტია ვერ გაჰყვება ამ ტონს და სტილს

მესმის, რომ ამ ოთხი დეპუტატის პოზიცია საკმაოდ რადიკალურია. ეს არის მათი არჩევანი, პოლიტიკური განცხადების სტილი და ტონი. ბუნებრივია, რომ მმართველი პარტია ვერ გაჰყვება ამ განცხადებების ტონს და სტილს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა „ხალხის ძალის“ განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, სასამართლო რეფორმა საქართველოში და სასამართლოს შემდგომი აღმშენებლობის პროცესი ყოველთვის უნდა წარიმართოს კარგი სტანდარტის მიხედვით.

„მიმაჩნია, რომ სასამართლო რეფორმა საქართველოში და სასამართლოს შემდგომი აღმშენებლობის პროცესი ყოველთვის უნდა წარიმართოს კარგი სტანდარტის მიხედვით, რაც დემოკრატიულ ქვეყნებში არის აპრობირებული და უკვე იქ მუშაობს ეს სტანდარტი. ჩვენთანაც ამ სტანდარტით უნდა ვიხელმძღვანელოთ. ეს არის ჩემი დამოკიდებულება და მმართველი გუნდის დამოკიდებულებაც. ზოგადად, თავდასხმა არ არის, მაგრამ საკმაოდ მკაცრ შეფასებებს აძლევენ, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს. თავდასხმა არ მგონია, რომ ეს იყოს. მე ერთ რამეში ვარ დარწმუნებული, მათი სურვილია, რომ საქართველო სწორედ ევროატლანტიკურ სივრცეში იყოს ინტეგრირებული. ის, რომ რაღაც საკითხებზე მათ აქვთ ასეთი ხისტი და მძიმე შეფასებები, ეს ფაქტია და ნათელია, მაგრამ ეს არის მათი პოზიცია. ჩემი პოზიცია და მმართველი გუნდის პოზიცია კონკრეტულად სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით საგნობრივად ცნობილი ხდება ახლა მიმდინარე განხილვების დროსაც, რაც ამ მიმართულებით კეთდება“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.