ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიციის რადიკალური ნაწილის მთავარი ამოცანა არ არის 12 პუნქტის შესრულება, მთავარი მიზანია, კიდევ ერთხელ აამოქმედონ რევოლუციური სცენარი
ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიციის რადიკალური ნაწილის მთავარი ამოცანა არ არის 12 პუნქტის შესრულება, მთავარი მიზანია, კიდევ ერთხელ აამოქმედონ რევოლუციური სცენარი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ევროკავშირის რეკომენდაციებთან დაკავშირებით პარლამენტში კონსულტაციებზე და ამ ფორმატში მუშაობის დაწყებაზე ოპოზიციის რადიკალური ნაწილის მხრიდან უარი მიუთითებს, რომ მათთვის მთავარი ამოცანა არ არის 12 პუნქტის შესრულება.

მისივე თქმით, მათი მთავარი მიზანია, კიდევ ერთხელ აამოქმედონ რევოლუციური სცენარი.

„ოპოზიციას მხოლოდ ერთი ვალდებულება აქვს შესასრულებელი და ეს არის დეპოლარიზაცია. ვხედავთ, რომ ოპოზიციის რადიკალური ნაწილი ამ ფორმატში მუშაობის დაწყებაზე უარს ამბობს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მათთვის მთავარი ამოცანა არ არის 12 პუნქტის შესრულება, მთავარი მიზანია, როგორმე მრავალჯერ ჩაფუშული რევოლუციური სცენარი კიდევ ერთხელ სცადონ და აამოქმედონ. რაც შეეხება უნდობლობას, ყველაზე დიდი უნდობლობა მათ თავიანთი თავის მიმართ აქვთ, რადგან თავიანთ პოლიტიკაში არათანმიმდევრული არიან და ყოველთვის ეშინიათ ჭეშმარიტად დემოკრატიულ საპარლამენტო პროცესში შემოსვლის, რადგან ეს ნიშნავს, რომ რევოლუციური სცენარი ვეღარ განხორციელდება. ეშინიათ იმის, რომ არჩევნების გზით ვერასდროს მოვლენ ხელისუფლებაში და ეს კარგად იციან. ამიტომ ყველანაირ საბაბს მოძებნიან, რომ ნორმალურ საპარლამენტო ცხოვრების რეჟიმში არ იყვნენ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, ევროკავშირის 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით პარლამენტში დღეიდან კონსულტაციები იწყება. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დღეს ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრას გეგმავს. შალვა პაპუაშვილი უხელმძღვანელებს მიმართულებას, რომელიც ეხება ქვეყანაში დეპოლარიზაციის აღმოფხვრას. პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრას დღეს აპირებს ოპოზიციის ნაწილი, მათ შორის იქნებიან „მოქალაქეები“, გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენლები და „გირჩი“. რაც შეეხება ოპოზიციის დანარჩენ წარმომადგენლებს, ისინი ამ დრომდე კონსულტაციებს მართავენ და დღის განმავლობაში აპირებენ საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას.