ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიციის მიზანი თუ ცხრა რეკომენდაციის შესრულების პროცესის დაზიანებაა, ჯობს, არ ჩაერთონ, კონსტრუქციულობის შემოტანა თუა მიზანი, მივესალმებით
ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიციის მიზანი თუ ცხრა რეკომენდაციის შესრულების პროცესის დაზიანებაა, ჯობს, არ ჩაერთონ, კონსტრუქციულობის შემოტანა თუა მიზანი, მივესალმებით

რაც შეეხება ევროკავშირის ცხრა რეკომენდაციის შესრულებას, აქ ცოტა განსხვავებული სურათი გვაქვს, გამომდინარე იქიდან, რომ თუ ის 12 რეკომენდაცია მთლიანად პარლამენტში იყო შესასრულებელი, ახლა ძირითადი აქცენტი გადატანილია მთავრობის გასაკეთებელ საქმეებზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

„ჩვენ საკანონმდებლო დონე იმ დონეზე გვაქვს, რომ საჭიროებს ამ საკანონმდებლო დონის უფრო კარგ იმპლემენტაციას ცხოვრებაში. რა საკითხებიც იქნება საკანონმდებლო კუთხით მხარდასაჭერი, ბუნებრივია, ეს საკითხები განიხილება პარლამენტში“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

რაც შეეხება ცხრა რეკომენდაციის შესრულების პროცესში ოპოზიციის ჩართულობას, უმრავლესობის დეპუტატმა აღნიშნა ის ფაქტი, რომ განხილვებში მონაწილეობაზე „ლელო“ უარს აცხადებს, დანარჩენი ოპოზიციის ჩართულობაში კი მნიშვნელოვანია მათი პროდუქტიულობის ხარისხი.

„სამკაციანი თუ ოთხკაციანი პოლიტიკური ჯგუფი ამბობს, რომ მე ჩემი გეგმა მაქვს და ან ამ გეგმაზე გადმოდით ახლა 150 კაცი, ან მე არ ვიღებ მონაწილეობასო, ან არის ბოიკოტი, მეტი არაფერი არ არის. რაც შეეხება ჩაერთვება თუ არა დანარჩენი ოპოზიცია – აქ ჩართულობა კი არ არის მთავარი, ჩართულობის მიზანი და პროდუქტიულობის ხარისხია. ჩართულობის მიზანი თუ პროცესის დაზიანებაა, ჯობს, არ ჩაერთონ და თუ ჩართულობის მიზანია, პროცესში კონსტრუქციულობა შემოიტანონ და მართლა კონსენსუსი ვაჩვენოთ ევროპას, მაშინ მივესალმებით“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.