ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიციაში ელოდებიან, უცხოელი რა განცხადებას გააკეთებს, რა ანტიქართული სტატია გამოქვეყნდება რომელიმე გაზეთში, რომ თავიანთი პროპაგანდა ამაზე ააგონ
ოპოზიციაში ელოდებიან, უცხოელი რა განცხადებას გააკეთებს, რა ანტიქართული სტატია გამოქვეყნდება რომელიმე გაზეთში, რომ თავიანთი პროპაგანდა ამაზე ააგონ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიცია ქვეყანაში დემოკრატიული განვითარების მთავარი შემაფერხებელია.
„ოპოზიციაში იმას ელოდებიან, თუ რომელი სტატია გამოქვეყნდება, რომელი დეპუტატი რას იტყვის, რომ მასზე ააგონ თავიანთი პროპაგანდა და წინასაარჩევნო კამპანია. ისინი საქართველოს მოსახლეობას საქმიანს ვერაფერს სთავაზობენ, მთლიანად იმაზე არიან ჩამოკიდებული, უცხოელი რა განცხადებას გააკეთებს და რა ანტიქართული სტატია გამოქვეყნდება რომელიმე გაზეთში. მათი პოლიტიკური დღის წესრიგი ამაზეა აგებული. უცხოეთის ხაზის გატარება რა არის, გეტყვით. ეს არის ოპოზიცია, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიული განვითარების მთავარი შემაფერხებელია. გვინდა ხოლმე, რომ ისტორია გავაქროთ, როგორც ახლა „ნაცები“ ამბობენ, „ახლები“ გვქვიაო, თურმე აქამდე არაფერი ყოფილა.
2020 წლის შემდეგ რაც ოპოზიციამ ჩაიდინა, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ არიან ეროვნულები, სახელმწიფოებრივი და დემოკრატიული ძალები? მათ მიზანმიმართულად, ტყუილზე დაყრდნობით, ამ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა უნდოდათ. ეს ამბავი უნდა დავივიწყოთ, არაფერი ყოფილა? ამას გავყვეთ? უნდა მივეჩვიოთ, რომ ქვეყანაში პოლიტიკას ჩვენი მოქალაქეები წყვეტენ“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.