ირაკლი ქადაგიშვილი - არ გვინდა ისეთი სახალხო დამცველი, რომელიც უფლებების დარღვევას დაინახავს და იტყვის, რომ დარღვევა არ არის, მაგრამ არც ისეთი გვინდა, რომელიც იტყვის, რომ ურჩევნია, ბომბები ცვიოდეს
ირაკლი ქადაგიშვილი - არ გვინდა ისეთი სახალხო დამცველი, რომელიც უფლებების დარღვევას დაინახავს და იტყვის, რომ დარღვევა არ არის, მაგრამ არც ისეთი გვინდა, რომელიც იტყვის, რომ ურჩევნია, ბომბები ცვიოდეს

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, სახალხო დამცველის საქმიანობა მაქსიმალურად ორიენტირებული უნდა იყოს მოქალაქეების ინტერესებზე.

მისივე თქმით, ოპოზიციისგან განსხვავებით, „ქართულ ოცნებას“ სურს ისეთი სახალხო დამცველის არჩევა, რომელიც პოლიტიკურად მიუკერძოებელი იქნება.

„სახალხო დამცველი არის უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო ინსტიტუცია. მისი ფუნქციაა მოქალაქეების ინტერესების დაცვა, უსამართლობის გამოვლენა და ამიტომ მისი საქმიანობა მაქსიმალურად ორიენტირებული უნდა იყოს მოქალაქეების ინტერესებზე და არ უნდა იყოს პოლიტიკური ანგაჟირების საკითხი. სახალხო დამცველის ინსტიტუტი იმიტომ შეიქმნა, რომ თანაბრად იყოს დისტანცირებული ყველა პოლიტიკური ძალისგან და იყოს მაქსიმალურად კონცენტრირებული ადამიანის უფლებების დაცვაზე. შევეცდებით, ისეთი ადამიანი იყოს მოძებნილი, რომელზეც კონსენსუსის მიღწევა შესაძლებელი იქნება.

ოპოზიციას აქვს ბრალდებები, თითქოს ჩვენ გვინდა ისეთი სახალხო დამცველი, რომელიც ადამიანის უფლებების დარღვევას დაინახავს და იტყვის, რომ დარღვევა არ არის. ასეთი სახალხო დამცველი არ გვინდა, მაგრამ არც ისეთი სახალხო დამცველი გვინდა, რომელიც ოპოზიციურ მიტინგზე დადგება და იტყვის, ურჩევნია, ბომბები ცვიოდეს, მთავრობის გადადგომას და ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბებას ითხოვდეს, რაც მისი კონსტიტუციური მანდატი არ არის. ოპოზიციას პოლიტიკურად მიკერძოებული სახალხო დამცველი უნდა, ჩვენ გვინდა პოლიტიკურად მიუკერძოებელი სახალხო დამცველი, რომელიც ორიენტირებული იქნება იმაზე, რის გამოც საქართველოში ეს ინსტიტუცია შეიქმნა – ადამიანის უფლებების დაცვისთვის“, – განუცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველ არხს.