ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიციას არ ჰყოფნის სიმამაცე, ფსევდოლიბერალურ პროპაგანდასთან დაკავშირებული პრობლემის გადაწყვეტაში ვიყოთ სოლიდარული, მათ დამოუკიდებელი ხედვა არაფერზე აქვთ
ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიციას არ ჰყოფნის სიმამაცე, ფსევდოლიბერალურ პროპაგანდასთან დაკავშირებული პრობლემის გადაწყვეტაში ვიყოთ სოლიდარული, მათ დამოუკიდებელი ხედვა არაფერზე აქვთ

ოპოზიციას არ ჰყოფნის სიმამაცე, ფსევდოლიბერალურ პროპაგანდასთან დაკავშირებით პრობლემის გადაწყვეტაში ვიყოთ სოლიდარული, მათ თავიანთი დამოუკიდებელი ხედვა არაფერზე აქვთ, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილს კითხვა დაუსვეს „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მომზადდეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას „ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისა და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს“.

„საუბარია იმაზე, რომ დაცული უნდა იყოს ყველას უფლება, მათ შორის სექსუალური უმცირესობების უფლებები. ამავე დროს, მოზარდ თაობებსა და ბავშვებში არ უნდა მოხდეს იმდაგვარი წესის შემოტანა, რასაც ვუყურებთ, როცა საბავშვო ბაღებსა და დამწყებ საგანმანათლებლო დაწესებულებებში პირდაპირ პროპაგანდა მიმდინარეობს – რა სქესი ხარ, შენ თვითონ უნდა აირჩიო. ამის გამოხატულებებს ვუყურებთ და საზოგადოებაში ძალიან დიდი შეშფოთებაა. ასევე მცდელობაა, რომ ახალი ენა დამკვიდრდეს ჩვენს ყოფასა და საზოგადოებრივ ურთიერთობებში – არ მოვიხსენიოთ დედა, მამა, შვილი. ეს ტენდენციები ოფიციალურ დონეზეა როგორც საგანმანათლებლო, ასევე სხვა სივრცეებში მსოფლიოში. ეს საკითხი დღეს თუ არა, ხვალ პირდაპირ დადგება საქართველოს წინაშე, ისევე როგორც დადგა სხვა საკითხი, რომ განგვესაზღვრა, რა არის ოჯახი. ამ მიზნით კონსტიტუციაში შევიტანეთ ცვლილებები, რადგან სხვანაირად აღარ გამოდიოდა. ოპოზიციას არ ჰყოფნის არანაირი სიმამაცე, თქვას, რომ ეს პრობლემაა და ამის გადაწყვეტაში ვიყოთ სოლიდარული, მათ თავიანთი დამოუკიდებელი ხედვა არაფერზე აქვთ. ახლაც ანტიდასავლურ განწყობებს ვიღებთ საზოგადოებაში ისეთი თემების პროპაგანდირებით, რაც საზოგადოებისთვის მიუღებელია. არავინ არაფერს კრძალავს და ვინმემ ისე არ გაიგოს, რომ ხელოვანს თავისი აზრის გამოხატვა არ შეეძლება. აქ საუბარია იმაზე, რომ ბავშვები და მოზარდი თაობა უნდა იყოს დაცული ასეთი ზეგავლენისგან“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.