ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიცია ჩამორჩენილი და აცდენილია არა მხოლოდ საერთაშორისო დღის წესრიგს, არამედ ქვეყნის საშინაო პოლიტიკურ დღის წესრიგსაც
ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიცია ჩამორჩენილი და აცდენილია არა მხოლოდ საერთაშორისო დღის წესრიგს, არამედ ქვეყნის საშინაო პოლიტიკურ დღის წესრიგსაც

მოვლენებმა ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების ფარისევლური ბუნება კიდევ ერთხელ გვაჩვენა, როცა სიხარულის ყიჟინა შემოჰკრეს, რომ იქნებ, შეხვედრა არ გამართულიყო და ეს გამოყენებული ყოფილიყო ქვეყნის დასაზიანებლად და მათი მიზნის მისაღწევად, რომ რამენაირად, ხელისუფლების დისკრედიტაცია მოხდეს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, ოპოზიცია იმას არ ითვალისწინებს, რომ ეს არის ქვეყნის სტრატეგიული ინტერესი.

„მათი სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა, რადგან ეს შეხვედრა შედგა. ეს ადამიანები მზად არიან, ქვეყნის ინტერესებიც კი დაზიანდეს, ოღონდ, მათი ვიწროპარტიული ინტერესები იყოს მიღწეული. ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი გაცილებით უფრო მაღლა დგას, ვიდრე ოპოზიციური პარტიების რიტორიკაა ხოლმე, რადგან ჩვენ ამ გზაზე უამრავი კონკრეტული ნიშნული გვაქვს გავლილი, მათ შორის ნატო-სთან თავსებადობის თვალსაზრისით საქართველო უმაღლეს შეფასებას იღებს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

დეპუტატის განცხადებით, ოპოზიცია ჩამორჩენილი და აცდენილია არა მხოლოდ საერთაშორისო დღის წესრიგს, არამედ ქვეყნის საშინაო პოლიტიკურ დღის წესრიგსაც.

„ამდენი ხანია ვერ ჩამოყალიბდნენ, პარლამენტში რა სახის მუშაობა წარმართონ. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ თუ მთავრობას რაღაც წარუმატებლობა ექნება, ისინი რევოლუციას მოახდენენ. რევოლუციები ასე არ ეწყობა. ერთი-ორი წარუმატებელი ნაბიჯის გამო დემოკრატიულ ქვეყანაში მთავრობას რევოლუციას არ უწყობენ. საზოგადოებას კარგად ესმის ყველა სიტყვა და პოლიტიკური პროცესების შინაარსი. ახლა პარლამენტის დატოვებაზე საუბრობენ და ფიქრობენ, რომ პროტესტის ტალღას ააგორებენ, ვერაფერს იზამენ იმიტომ კი არა, რომ ჩვენ ვართ მაგრები, არამედ ეს არ არის თანამედროვე პოლიტიკის ენა, რისი გაგებაც მოსახლეობას უნდა“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.