ირაკლი ქადაგიშვილი - ობიექტური შეფასებით, საქართველოს სტატუსი ეკუთვნის და წინა შემთხვევაშიც ეკუთვნოდა, შუალედურმა დასკვნამ დაგვანახა, რომ ქვეყანა პირობებს მაშინაც აკმაყოფილებდა
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ობიექტური შეფასებებით თუ ვიმსჯელებთ, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ახლაც ეკუთვნის და წინა შემთხვევაშიც ეკუთვნოდა.
ქადაგიშვილის თქმით, ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულმა შუალედურმა დასკვნამ აჩვენა, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსის მისაღებად პირობებს მაშინაც აკმაყოფილებდა.
„საქართველო ევროკავშირის 12 რეკომენდაციას ასრულებს და ქვეყანას რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით პროგრესი აქვს. ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად მიიღო და მეტწილად გეოპოლიტიკური მდგომარეობით იყო განპირობებული. რა თქმა უნდა, გეოპოლიტიკური ფაქტორი ასეთი გადაწყვეტილებების დროს თავის მნიშვნელოვან როლს თამაშობს. გეოპოლიტიკური ფაქტორის პარალელურად, აღსანიშნავია, რომ საქართველო რეფორმების კუთხით იყო და არის ლიდერი ქვეყანა იმ ქვეყნებს შორის, რომლებსაც კანდიდატის სტატუსი მინიჭებული აქვთ“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.