ირაკლი ქადაგიშვილი - მელიას მოვუწოდებ, თავისი პარტიის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩადენილი საქმეები, მათ შორის მიტოვებული ქართველი ჯარისკაცების ცხედრები და მიტოვებული საქართველო გაიხსენოს
ირაკლი ქადაგიშვილი - მელიას მოვუწოდებ, თავისი პარტიის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩადენილი საქმეები, მათ შორის მიტოვებული ქართველი ჯარისკაცების ცხედრები და მიტოვებული საქართველო გაიხსენოს

ნიკა მელიამ თავისი პარტიის ისტორიას ჩახედოს და თავისი პარტიის ისტორიას სხვას ნუ გადააწერს, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ნიკა მელიას განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, მელიამ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დრო უნდა გაიხსენოს.

„ნიკა მელიას მოვუწოდებ თავისი პარტიის ისტორია და მისი პარტიის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩადენილი საქმეები, მათ შორის მიტოვებული ქართველი ჯარისკაცების გვამები, მიტოვებული ქართველი ჯარისკაცები ფრონტის ხაზზე და მიტოვებული საქართველო გაიხსენონ, ასევე რუსეთზე უპირობოდ გადაცემული ყველა სტრატეგიული ობიექტი. თავისი პარტიის ისტორიას ჩახედოს და თავისი პარტიის ისტორიას სხვას ნუ გადააწერს, ეს არის ნიკა მელიას ეპისტოლესთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია. „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ იტყვიან ენას ძვალი არ აქვს და შუბლზე ძარღვი არ აქვს. რასაც თვითონ აკეთებენ იმას აბრალებენ სხვას. რა სერიოზული კომენტარი შეიძლება მის ამ რაღაცა გულზე მჯიღის რტყმას გაუკეთოს ადამიანმა, პოლიტიკური ინტელექტისგან დაცლილი პოლიტიკური მოძრაობა გახდა „ნაციონალური მოძრაობა“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „უსამშობლო ხელისუფლებას სურს, საზოგადოების ნაწილი გმირ ბიჭებს კი არ მიაგებდეს პატივს, არამედ თვითონ იმ ქვეყნის დამოუკიდებლობას, სახელმწიფოებრიობას გლოვობდეს, რომელსაც ამ ბიჭებმა თავი შესწირეს“.