ირაკლი ქადაგიშვილი - ნიკა მელია უხეშად და საჯაროდ არღვევდა კანონს, რათა მიხეილ სააკაშვილის შემოთვლილი რევოლუციური სცენარი აემუშავებინა
ნიკა მელია იმალება, სასამართლოში ვერ მიდის, არაფრის ეშინია, მაგრამ იმალება და ახლა უნდა დაიცვას გავრილოვის თემა, რომ ხალხო, გავრილოვი იჭერს, თორემ თავად არაფრის არ ეშინია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა.
დეპუტატის თქმით, ახლა, როცა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაინახა, რომ კანონის დარღვევა მათივე რეპუტაციისთვის დამაზიანებელია, გავრილოვი მოიშველიეს, რომელიც უნდათ, თავიანთი პოლიტიკური დღის წესრიგის გასასამართლებლად გამოიყენონ.
„გავრილოვი თავიდან ბოლომდე მათი პროვოკაციული პოლიტიკის ათვლის წერტილია და მას არაფერი საერთო არც ქართულ სამართალწარმოებასთან და მით უმეტეს „ქართულ ოცნებასთან“ არ აქვს. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ტრამპლინი და თავიდან ბოლომდე მათი დესტრუქციული დღის წესრიგის სატოპკე, ამწევი თემა. ვნახეთ, მათმა ტელევიზიებმა გავრილოვთან საერთო ენის გამონახვა როგორ სწრაფად მოახერხეს. ნიკა მელიას ხმამაღალი განცხადებები კარგად გვახსოვს, არაფრის არ მეშინიაო, მოვისვრი სამაჯურს, კანონს და ყველაფერსო. ეს კაცი იმალება, სასამართლოს სხდომაზეც ვერ მიდის, არაფრის ეშინია, მაგრამ იმალება და ახლა უნდა დაიცვას გავრილოვის თემა, რომ ხალხო, გავრილოვი იჭერს, თორემ თავად არაფრის არ ეშინია.
ნიკა მელია უხეშად და საჯაროდ არღვევდა კანონს, რათა შემდგომ პროვოცირება გამოეწვია სიტუაციის ესკალციისთვის, ხელი შეეშალა ნებისმიერი პოლიტიკური დიალოგისთვის, გასულიყო კანონის სივრციდან და მისი ხელმძღვანელის, მიხეილ სააკაშვილის შემოთვლილი რევოლუციური სცენარი აემუშავებინა.
ეს დესტრუქციული დღის წესრიგი კიდევ ერთხელ ახდენს იმის ლუსტრაციას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ბოლომდე დესტრუქციული ხდება. მათ არც ერთ ნაბიჯში ლოგიკა არ არის, ჩვენს ყველა ნაბიჯში ერთადერთი ლოგიკაა – სტაბილურობა და კანონის თანმიმდევრული შესრულება”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.