ირაკლი ქადაგიშვილი - ნიკა მელია, რომელსაც პრეტენზია აქვს პოლიტიკოსობაზე, ასევე იყო სახელმწიფო მმართველობის სისტემაში, აღმასრულებელი, ამბობს, რომ კანონი არ აინტერესებს
პოლიტიკოსობა, არც რომელიმე თანამდებობა არ არის იმუნიტეტი საერთო მოქალაქეობრივი ვალდებულებების შესრულებისას, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ყველა მოქალაქე ვალდებულია, კანონს დაემორჩილოს.
„სასამართლომ ნიკა მელიას აღმკვეთი ღონისძიება შეუმსუბუქა, ეს სხვადასხვა ფორმით იყო გამოხატული, ჯერ გირაო და სამაჯური დააკისრეს, მან სამაჯური საჯაროდ მოიხსნა, ამის შემდეგ პროკურატურამ მაინც არ მიმართა უკიდურეს ფორმას და მის არსენალში – საგამოძიებო საპროცესო კოდექსით არსებული ნორმა გამოიყენა და კვლავ გირაოს თანხა შეუფარდა, მაგრამ ადამიანი, რომელსაც პრეტენზია აქვს პოლიტიკოსობაზე, ასევე იყო წინა ხელისუფლების დროს სახელმწიფო მმართველობის სისტემაში და აღმასრულებელი, ამბობს, რომ კანონს არ ემორჩილება, არ აინტერესებს საქართველო, მისი სახელმწიფოებრიობა და კანონი, ეს უკვე მისი პასუხისმგებლობაა და არა რომელიმე მოქალაქის, რომელიც ვალდებულია, კანონს დაემორჩილოს.
არც პოლიტიკოსობა, არც რომელიმე თანამდებობა, არც ჟურნალისტობა არ არის იმუნიტეტი საერთო მოქალაქეობრივი ვალდებულებების შესრულებისას. ჩვენ ყველანი თანაბარი ვართ ჩვენს მოქალაქეობრივ უფლებებში. როცა რაღაც პროფესიული მდგომარეობა დამცავ მექანიზმს გაძლევს, ეს არის იმიტომ, რომ შენი ვალდებულება შეასრულო. ეს ის შემთხვევაა, როცა სახელმწიფო, კანონი და მოქალაქე კანონის აღსრულების მიმართულებით თანაბარ მდგომარეობაში უნდა იყვნენ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
პროკურატურამ ნიკა მელიას გირაოს პირობების შესასრულებლად დამატებით ერთკვირიანი ვადა 5 თებერვალს მისცა.