ირაკლი ქადაგიშვილი - ნათელია დიდი პროვოკაციის წყურვილი, რაც „კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ“ და „გლობალური ომის“ პარტიის ქართულმა ფილიალმა გამოავლინეს
ირაკლი ქადაგიშვილი - ნათელია დიდი პროვოკაციის წყურვილი, რაც „კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ“ და „გლობალური ომის“ პარტიის ქართულმა ფილიალმა გამოავლინეს

რამდენიმე დღის წინ რუსეთის ფედერაციაში განვითარებული მოვლენების მომსწრე ვიყავით და ჯერჯერობით კიდევ არ არის ნათელი, რასთან გვქონდა საქმე. თუმცა, ნათელი გახდა მთელი ჩვენი საზოგადოებისთვის ის მოუთმენლობა და დიდი პროვოკაციის წყურვილი, რაც „კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ“ და „გლობალური ომის“ პარტიის ქართულმა ფილიალმა გამოავლინეს, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„„დავკეტოთ ლარსი“, „შემოვიღოთ სავიზო რეჟიმი“, „მოვიწვიოთ უშიშროების საბჭო“, „მოვახდინოთ ჯარების სასწრაფო მობილიზაცია“ – ეს ყველაფერი ყვავილები იყო იმასთან შედარებით, როდესაც პირდაპირ ითქვა, რომ ახლა უკვე დამდგარი არის ის გეოპოლიტიკური ჟამი, როდესაც ჩვენ ომით დაკარგული ბრძოლით უნდა დავიბრუნოთ. ანუ პირდაპირ საბრძოლო მოქმედებებზე უნდა გადავსულიყავით“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

მისი თქმით, სწორედ ასეთმა გაუთვლელმა, იმპულსურმა, პირად ვიწრო პოლიტიკურ მიზნებზე აგებულმა ნაბიჯებმა მისცა პუტინს საშუალება, რომ 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ აგრესია განეხორციელებინა.

„საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახა, თუ რამდენად უპასუხისმგებლო ოპოზიცია გვყავს. ამავდროულად, ვფიქრობ, საერთაშორისო საზოგადოებამაც დაინახა და შეაფასა, თუ რას ნიშნავს ისეთი ოპოზიციის ხელისუფლებაში მოსვლა, რომელიც ასეთი გადაწყვეტილებებისაკენ უბიძგებს სახელმწიფოს. მოვუწოდებ ჩვენ საზოგადოებას, ბოლომდე ვიყოთ ერთგული იმ კურსისა, რომელიც საქართველოს აქვს არჩეული და რომელიც არის გამარჯვების კურსი“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ირაკლი ქადაგიშვილის სიტყვით გამოსვლას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.