ირაკლი ქადაგიშვილი - „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებული პროტესტი თითქოს ეკოლოგიური მოთხოვნებით დაიწყო და ახლა ქვეყნის გაჩერებით იმუქრებიან
„ნამახვანჰესთან“ დაკავშირებული პროტესტი თითქოს ეკოლოგიური მოთხოვნებით დაიწყო და ახლა ქვეყნის გაჩერებით იმუქრებიან, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პროტესტის მონაწილეებს ჰესთან დაკავშირებული საკითხები თუ აინტერესებთ, დიალოგისთვის ხელისუფლებამ მათ ბევრი ფორმატი შესთავაზა.
„ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით ჩვენ ძალიან ბევრი ფორმატი შევთავაზეთ იმ ადამიანებს. მათ კონკრეტულად ჰესთან დაკავშირებული პრობლემატიკა თუ აინტერესებთ, ეს იქნება ეკოლოგიური საკითხები, გარემოსდაცვითი საკითხები თუ ჰესის ეკონომიკური შინაარსი, უამრავი ფორმატია ამისთვის შეთავაზებული. გუშინ პარლამენტის თავმჯდომარემაც შესთავაზა, რომ საქმიანი შეხვედრა მომხდარიყო და ესაუბრათ, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ აქ ჰესი უკვე არის ერთგვარი მიზეზი და რეალური მიზნები შეიძლება აბსოლუტურად სულ სხვა ჰქონდეთ. დესტაბილიზაციის სურათი იკვეთება. ჩვენ პერმანენტული ჰიბრიდული ომის პირობებში ვცხოვრობთ. მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან მკაფიოდ გამოკვეთა პოზიცია საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის კუთხით და ჩვენი დასავლელი პარტნიორების დაინტერესებაც უფრო კონკრეტულია, ჩვენ ვხედავთ, რომ ყველა მიმართულებიდან მაქსიმალურად ხდება გამოგონილი, თითიდან გამოწოვილი მიზეზების გამო ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობა. პროტესტი თითქოსდა ეკოლოგიური მოთხოვნებით დაიწყო და ახლა იმუქრებიან, რომ ქვეყანას გავაჩერებთ და კრიზისში ჩავაგდებთ, 26 მაისის დღესასწაულს ქვეყანას არ ვაზეიმებთ. ვინ არიან? ეკოლოგიის მომხრეები არიან თუ ქვეყნის ოკუპაციის მომხრეები? რა გააკეთეს ამ ქვეყნისთვის ისეთი, რომ დღეს ქვეყნის გაჩერების რესურსი აქვთ?! ამ ქვეყანას გასაჩერებელი რა სჭირს. წავიდნენ, იშრომონ და საქმე გააკეთონ“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
კითხვაზე, შესაძლოა თუ არა მომიტინგეების უკან რუსეთი იდგეს, ქადაგიშვილმა უპასუხა: „ამ ადამიანების უკან საღი აზრი, რომ არ დგას, ეს ფაქტია, ეს ორჯერ ორი ოთხია. როცა ადამიანის უკან საღი აზრი არ დგას, ამ დროს ყველანაირი რესურსი არსებობს, რომ მანიპულაციის ქვეშ აღმოჩნდე, მათ შორის რუსეთის“.